05 ივლისი 2026,   16:30
ვრცლად
"საქართველო რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლობიან პარტნიორად, გავაგრძელებთ წვლილის შეტანას რეგიონულ დაკავშირებადობაში, მდგრად განვითარებასა და ევროპის ეკონომიკურ მდგრადობაში" - მაია ბითაძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჰააგაშია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესიაზე სიტყვით ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და მაია ბითაძე გამოვიდნენ.

ოკუპაცია, გლობალური გამოწვევები და რეგიონის განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დეპუტატებმა აქცენტი გააკეთეს.

ხაზი გაესვა ორმაგ სტანდარტს და უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც ევროპის კონტინენტზე წარმატებულ თანამშრომლობას ხელს უშლის.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოების თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას.

"ჩემთვის დიდი პატივია მივმართო ამ კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განუყოფელი გახდა მშვიდობისა და უსაფრთხოებისგან. ეუთოს (OSCE) რეგიონის მასშტაბით, ჩვენ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უწყვეტი ოკუპაცია, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, კლიმატის ცვლილების დაჩქარებული ზემოქმედება და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის ეტაპობრივი ეროზია. ეს კრიზისები მოითხოვს უფრო დიდ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას, ნაცვლად დაყოფისა. ამ კონტექსტში, საქართველო რჩება ევროპის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის ერთგული.

თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის, რაც აძლიერებს დაკავშირებადობას შუა დერეფნის მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები. ისინი წარმოადგენს სტრატეგიულ ინვესტიციებს ევროპის გრძელვადიანი ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, მდგრადობისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. თუმცა, კლიმატის მიმართ მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებებისადმი პატივისცემის გარეშე. ამიტომ, სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება მიმართული უნდა იყოს ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრაზე, ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი და ბიუროკრატიული წრე განაგრძობს ძალისხმევას საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, ზეწოლას ახდენს მის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზე და რაც ყველაზე მთავარია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ, დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არ აძლიერებს დემოკრატიას ან საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ძირს უთხრის ნდობას საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეუთოს (OSCE) მიმართ, და ქმნის რისკს, საქართველოს მოქალაქეებში გაღვივდეს სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისიაც დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა.

საქართველო რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლობიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას რეგიონულ დაკავშირებადობაში, მდგრად განვითარებასა და ევროპის ეკონომიკურ მდგრადობაში. ამავდროულად, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, მონაწილე სახელმწიფოების მიმართ თანაბარ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას," - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები