ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლების პარალელურად, ქართული დელეგაციის წევრები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. მთავარი თემა ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და ეკონომიკური უსაფრთხოებაა. აქცენტი კეთდება ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასა და ჯო უილსონის ინიციირებულ ცვლილებებზეც, რომლებიც ქართული მხარის შეფასებით, დეზინფორმაციაზეა აგებული. ამ საკითხებზე ქართველმა დეპუტატებმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისაუბრეს.
"გზავნილები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გაჟღერებული, ბუნებრივია, უკავშირდება იმ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენს მიერ კვლავ გამოითქვა ძალიან დიდი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ჯგუფები კვლავ ცდილობენ საქართველოსა და მისი მოსახლეობის არჩევანზე ზეწოლას სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით, რაც, ბუნებრივია, ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, თვითონ ეუთო-ს, როგორც ინსტიტუტის სანდოობაში ეჭვის შეტანის მიზეზს იძლევა.
ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ ჯო უილსონის და მისი ჯგუფის მხრიდან ინიციირებული იქნა გარკვეული ცვლილებები, რომელიც სავსეა დეზინფორმაციით, რასაც ასე ძალიან მიეჩვია ჩვენი მოსახლეობა. სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ზეწოლა და უსამართლო დამოკიდებულება საქართველოზე. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ ეუთო, როგორც ის ორგანიზაცია, რომელიც აკვირდებოდა საქართველოში არჩევნებს, დადგება თავის სიმაღლეზე და მიუხედავად დესტრუქციული ქმედებებისა, კვლავ დაამტკიცებს, რომ ეუთო უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტაბილურობას," - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჰააგაში იმყოფება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და მაია ბითაძე. ოკუპაცია, ლობალური გამოწვევები და რეგიონის განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დეპუტატება აქცენტი გააკეთეს. ხაზი გაესვა ორმაგ სტანდარტსა და უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც ევროპის კონტინენტზე წარმატებულ თანამშრომლობას ხელს უშლის.