შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე.
„დღევანდელ ბრიფინგზე ასევე მინდა შევეხო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თვისებრივ გავლენას ახდენს ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე.
პირველ რიგში, ანტიკორუფციული ღონისძიებები: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. ასე მაგალითად: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა.
2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე. სამსახურმა თავისი რეკომენდაციებითა და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა თუ დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების თანხობრივი გამოხატულება 50 მილიონი ლარია,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.