ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ალან პერსელმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა და „პეის ინტერნეიშენელის“ პრეზიდენტმა იოსებ დოლიძემ.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროექტი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.
პროექტის მეორე ფაზა როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებას, ისე გამტარუნარიანობის ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, აშენდება 250 მეტრის სიგრძისა და 13 მეტრის სიღრმის ახალი ნავმისადგომი; განხორციელდება მისასვლელი წყლის აუზის დაღრმავება; დამონტაჟდება თანამედროვე გემში ჩამტვირთველი მოწყობილობა; მოეწყობა 700-მეტრიანი საკონვეიერო სისტემა, რომელიც კარბამიდის არსებულ საწყობს ახალ ნავმისადგომთან დააკავშირებს.
ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს კარბამიდის პირდაპირ ჩატვირთვას საწყობიდან გემში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ოპერაციების ეფექტიანობას. ახალი ნავმისადგომის წლიური წარმადობა 1 მილიონ ტონა იქნება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 50-ით გაიზრდება.
მეორე ფაზის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ აშშ დოლარამდეა, საიდანაც 25 მლნ აშშ დოლარს DFC გამოყოფს, ხოლო დარჩენილი ნაწილი „პეის ჯგუფის“ კონტრიბუცია იქნება.
პროექტის მეორე ფაზა მნიშვნელოვნად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში.
რაც შეეხება ახალი საზღვაო ნავსადგურის პირველი ფაზას, საერთო საინვესტიციო ღირებულებამ 93 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი DFC-ის დაფინანსებაა. პირველი ფაზის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 2 მლნ ტონას შეადგენს და 360 ადამიანია დასაქმებული.
ღონისძიების დასასრულს, სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალი გაიმართა.
მეორე ფაზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, ინვესტორები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები დაესწნენ.