წამყვანი უცხოური გამოცემები, მათ შორის The Guardian და The Washington Post ბოლო დროს ერთ უცნაურ ფენომენზე ალაპარაკდნენ: თაობა, რომელიც სმარტფონით ხელში დაიბადა, უარს ამბობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და 20 წლის წინანდელ დასაკეც ტელეფონებსა თუ ძველ ციფრულ კამერებს ყიდულობს.
მოდის პოდიუმებზე კი ისევ დაბალწელიანი ჯინსები, ხავერდის სპორტული კოსტიუმები და 2000-იანები წლების სხვა საკულტო ელემენტები დომინირებს.

ამ ფენომენს მეცნიერებმა სპეციალური სახელიც კი მოუფიქრეს - ანემოია - ეს არის ნოსტალგია იმ დროის მიმართ, რომელიც შენ არასდროს გინახავს და რომელშიც არ გიცხოვრია.
სოციოლოგების თქმით, ახალ თაობებს (Gen Z) ენატრებათ ეპოქა, რომელშიც თავად ფიზიკურად არ უცხოვრიათ.
ე.წ ნოსტალგიის აფეთქება კი კოვიდ-პანდემიის პერიოდს დაემთხვა. როცა აწმყო და მომავალი ბუნდოვანია, ადამიანები გარბიან ყველაზე ფერად და "უსაფრთხო" ეპოქაში , რაც Gen Z და მილენიალებისთვის 2000-იანი წლები აღმოჩნდა.
GWI (Global Web Index) კვლევის მიხედვით, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების დროს ძველი მუსიკა, მოდა და მედია ადამიანებისთვის მოქმედებს როგორც "ფსიქოლოგიური თავშესაფარი".
მილიარდიანი ინდუსტრია, სახელად ნოსტალგია
დროის მანქანა ჯერ არ გამოუგონიათ, მაგრამ თუ 2000-იანებში რამდენიმე წუთით ან საათით გსურთ დაბრუნება, საკმარისია ნებისმიერ ტანსაცმლის მაღაზიაში შეხვიდეთ. დაბალწელიანი ფართო ჯინსები, მოკლე ტოპები, სპორტული შარვლები ნაირნაირი წარწერებით ისევ მოდის პიკშია. ქუჩებში კი სულ უფრო ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს Longchamp-ის ჩანთებითა და Ugg-ის ფეხსაცმლით.

ამ სტილს „Millennial Core“-ს ან „Y2K ესთეტიკას“ უწოდებენ. თაობა Z, რომლებიც ახლა 13-დან 28 წლამდე ასაკის არიან, მილენიალებთან ერთად ხელახლა აცოცხლებენ იმ ტენდენციებს, რომლებიც 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში იყო პოპულარული.
არის მოთხოვნა და არის მიწოდებაც. მოდის ინდუსტრიამ ამ გლობალურ ინტერესს მალევე უპასუხა და სასურველი შედეგიც მიიღო. მაგალითად, მას შემდეგ, რაც Miu Miu-მ საკუთარ ჩვენებებზე 2000-იანი წლების საკულტო დაბალწელიანი სილუეტები დააბრუნა, Vogue Business-ის მონაცემებით, ბრენდის გაყიდვები 105%-ით გაიზარდა.

პარალელურად, Diesel-მა საკუთარი იდენტობა Y2K დენიმისა და ტყავის ესთეტიკაზე ააგო და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად იქცა.
როგორც ჩანს, მოდის სახლებმა წარმატების ფორმულა აღმოაჩინეს: წარსულის ხელახლა შეფუთვა და თანამედროვე ფორმით დაბრუნება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. ნოსტალგია კი მხოლოდ ემოციური განცდა აღარ არის. ის მილიარდობით დოლარის ღირებულების ინდუსტრიად იქცა.
„სულელი ტელეფონები“ და დაგვიანებული სიამოვნება
2000-იანებისადმი ინტერესი მხოლოდ მოდაში არ გამოიხატება. თაობამ, რომელიც სმარტფონით ხელში დაიბადა, მოულოდნელად ვინილის ფირფიტების, CD-ების, კასეტების, ერთჯერადი ფოტოაპარატებისა და ე.წ. „სულელი ტელეფონების“ შეძენა დაიწყო.
რატომ ყიდულობს Gen Z 20-50 წლის წინანდელ ტექნოლოგიას?

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჯენა დრენტენის თქმით, Gen Z-სთვის 2000-იანების სამყარო უცხოა. მათ არასოდეს ექნებათ შესაძლებლობა, რეალურად გამოსცადონ ის ეპოქა. ვინაიდან წარსულში ფიზიკურად დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომ 2000-იანი წლების ნივთები და სტილი მათთვის იმ კულტურასთან შეხების ერთადერთი საშუალებაა.
ძველი და ახალი თაობების ამ ინტერესს ტექნოლოგიური კომპანიებიც პასუხობენ. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია Motorola, რომელმაც ლეგენდარული Razr-ის თანამედროვე, დასაკეცი ვერსიები გამოუშვა. ახალ სმარტფონებს უახლესი ფუნქციები აქვს, თუმცა მათი დიზაინი და გამოყენების პრინციპი იმ მოდელს მოგვაგონებს, რომელიც 2000-იან წლებში სტილისა და პრესტიჟის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ექსპერტების შეფასებით, ახალგაზრდებს ე.წ. „დაგვიანებული სიამოვნების“ განცდაც იზიდავთ. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფერი მყისიერია, ძველი ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული კადრის ნახვა კი დროს მოითხოვს. ფოტო ჯერ კომპიუტერში უნდა გადაიტანო და მხოლოდ ამის შემდეგ ნახო შედეგი. სპეციალისტების თქმით, სწორედ ეს მოლოდინი ზრდის პროცესისადმი ემოციურ კმაყოფილებასა და ინტერესს.
შედეგიც სახეზეა: ბოლო პერიოდში კომპაქტური ფოტოაპარატების გაყიდვები თითქმის 50%-ით გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, ახალგაზრდებს ე.წ. „დაგვიანებული სიამოვნების“ განცდაც იზიდავთ. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფერი მყისიერია, ძველი ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული კადრის ნახვა კი დროს მოითხოვს. ფოტო ჯერ კომპიუტერში უნდა გადაიტანო და მხოლოდ ამის შემდეგ ნახო შედეგი. სპეციალისტების თქმით, სწორედ ეს მოლოდინი ზრდის პროცესისადმი ემოციურ კმაყოფილებასა და ინტერესს.
შედეგიც სახეზეა: ბოლო პერიოდში კომპაქტური ფოტოაპარატების გაყიდვები თითქმის 50%-ით გაიზარდა.

მილენიალებს ძველი მოდის შესახებ ინფორმაცია ჟურნალებიდან ან ფოტოების საშუალებით ჰქონდათ, დღეს კი ახალგაზრდებს (Gen Z) მთელი ეპოქის აღმოჩენა სოციალური ქსელების, Google-ისა და Pinterest-ის დახმარებით შეუძლიათ.
Tik-Tok-ზე ნოსტალგია ტრენდად იქცა
პარადოქსულია, მაგრამ სწორედ TikTok, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდული კულტურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, იქცა 2000-იანი წლების ნოსტალგიის მთავარ სივრცედ და დროის კაფსულად.
პლატფორმაზე სულ უფრო პოპულარული ხდება კონტენტი, რომელიც 2000-იანი წლების მუსიკას, სერიალებს, მოდასა და ცხოვრების სტილს აცოცხლებს. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია ჰეშთეგი #noughtiesnostalgia („2000-იანი წლების ნოსტალგია“), რომლის გამოყენებაც გასულ წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა.

TikTok-ის პროგრამებისა და კვლევების მენეჯერის, ლილი ჰოლის თქმით, 2000-იანი წლების ერთ დროს საკულტო სერიალები, როგორიცაა Sex and the City, Gossip Girl, Gilmore Girls და The Vampire Diaries, დღეს პლატფორმაზე ყველაზე პოპულარულ კონტენტს შორისაა. თუ Z თაობა მათ პირველად ეცნობა, მილენიალები საყვარელ გმირებთან ერთად საკუთარ ბავშვობასა და ახალგაზრდობასაც უბრუნდებიან.
ამ ნოსტალგიურ ტალღას ჰოლივუდიც უზარმაზარი ენთუზიაზმით მიჰყვება.
ამ ტენდენციის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად The Devil Wears Prada-ს გაგრძელებაც იქცა. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ მაყურებელი კვლავ შეხვდა მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის ლეგენდარულ პერსონაჟებს. ფილმი 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა. მსოფლიო კინოგაქირავებაში მან 670 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2000-იანი წლების კულტურული ფენომენების მიმართ ინტერესი არ ნელდება.

თუ ადრე ძველი ჰიტების ეკრანებზე დაბრუნება იშვიათი გამონაკლისი იყო, დღეს რიმეიქები, რებუთები და სიკველები ჰოლივუდის ძირითადი ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილია. კინოკომპანიებმა იციან, რომ ნაცნობი პერსონაჟები მაყურებელში მყისიერ ემოციურ კავშირს აჩენენ, რასაც ნებისმიერი ახალი, უცნობი ისტორიის პოპულარიზაცია სჭირდება.
როგორც ჩანს, 2000-იანი წლების მიმართ ინტერესი მხოლოდ დროებითი ახირება არ არის.
როდესაც აწმყო გაურკვეველი ხდება, ადამიანები ხშირად უკან იყურებიან. ზოგი ბავშვობას იხსენებს, ზოგი კი იმ ეპოქას ეძებს, რომელშიც არასოდეს უცხოვრია.
წარსული აღარ ცხოვრობს მხოლოდ მოგონებებში. ის მოდის პოდიუმებზე, სოციალურ ქსელებსა და კინოინდუსტრიაში დაბრუნდა და თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
ავტორი: ნათია ჩეხერია