ორგანიზებული ჯგუფის წევრები დადგენილია, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სქემა კი გაშიფრული. საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელების საქმე გახსნა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ სამ ძებნილს შორის ერთ-ერთი ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელია, რომელიც წლების წინ საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის იმ საქმესაც უკავშირდება, სადაც საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის სახლიდან 2 მილიონ 904 ათას 900 დოლარი ამოიღეს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ჩოხელი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გაყიდვის საქმეშიც ფიგურირებს. ჩოხელის ადვოკატმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია, თუმცა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიასთან მისი კავშირი გამორიცხა.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი სქემა 55 კაციანმა ორგანიზებულმა ჯგუფმა შეიმუშავა. მათ შორის იყვნენ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.
მამაკაცი, რომელსაც ხელბორკილები დაადეს, „კურიერის“ ინფორმაციით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანია. დღეს გამთენიისას მის სახლში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და ბრალის დადგენილება გააცნეს. ორგანიზებული ჯგუფი, წინასწარ შემუშავებული გეგმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა. საჭირო დოკუმენტაციას ფიქტიურ ფარმაცევტულ კომპანიებთან აფორმებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმის დეტალები გაასაჯაროვა.
გამოძიების ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებიც ექიმის დანიშნულების გარეშე იყიდებოდა, ადამიანის სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია. უკანონო ვაჭრობით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 53 მილიონ 833 ათას 723 ლარი მიიღეს. ამ ფულით ბრალდებულებმა უძრავი და მოძრავი ქონებაც შეიძინეს. აქტივები დაყადაღებულია. დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული თანხის დიდი ნაწილი ხელფასისა და დივიდენდების სახით ფორმდებოდა.
ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 55-ვე პირის მიმართ დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასადგენად გრძელდება. დანაშაული 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.