24 ივნისი 2026,   23:48
ვრცლად
EUobserver: ბრიუსელის "დახურული კარის" პოლიტიკა - როგორ იქცა ინფორმაციული ვაკუუმი დემოკრატიის მთავარ გამოწვევად

ევროკავშირის ინსტიტუტებში გამჭვირვალობის დეფიციტი და მზარდი ინფორმაციული ვაკუუმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს, მიუხედავად ქარტიით გარანტირებული დოკუმენტებზე წვდომის უფლებისა, რეალობა მკვეთრად განსხვავებულია და ჟურნალისტებსა თუ მკვლევრებს საჭირო მასალების მოპოვება სულ უფრო უჭირთ.

ევროპული გამოცემა EUobserver-ის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ევროკომისიამ თავისი საქმიანობის საჯაროობა მნიშვნელოვნად შეზღუდა, ხოლო ახალი პროცედურული წესებით „ოფიციალური დოკუმენტის“ დეფინიცია ისე შეავიწროვა, რომ უწყებას ინფორმაციის დამალვის ან განადგურების ფართო შესაძლებლობა მიეცა მოთხოვნის გაგზავნის შემდეგაც კი.

მკვლევრები და მედიის წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან პასუხს, რომ საძიებო ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს, ხოლო აპელაციის პროცესი იმდენად ხანგრძლივი და ძვირადღირებულია, რომ ხშირ შემთხვევაში ამისგან თავს იკავებენ.

EUobserver-ის ცნობით, ეს სისტემური ხასიათის პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია ტექნოლოგიურ გიგანტებთან დაკავშირებული რეგულაციების მონიტორინგის დროს, სადაც ევროკავშირი თავის ძალაუფლებას სრულად დახურულ კარს მიღმა იყენებს.

ევროპელი ჟურნალისტების მიერ 2025 წლის გაზაფხულზე გაგზავნილი საერთო წერილი გამჭვირვალობის პრობლემებთან დაკავშირებით დღემდე უპასუხოდ რჩება, ხოლო ევროპის ომბუდსმენის ჩარევაც კი, მათ შორის ციფრული მომსახურების აქტის (DSA) აღსრულების საქმეში, მხოლოდ ნაწილობრივ შედეგს იძლევა.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მომზადების პროცესში არსებული ახალი რეგულაცია, რომელიც აჩენს საფუძვლიან შიშს, რომ „უსაფრთხოების კლასიფიკაცია“ თავდაცვის სფეროდან ყველა პოლიტიკურ საკითხზე გავრცელდება.

გამოცემა მიუთითებს, რომ ეს შეზღუდვები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა და საჯარო დისკუსიების გარეშე მუშავდება, ძირს გამოუთხრის ევროპული გამჭვირვალობის არსებულ პრინციპს.

ამ ფონზე, მასალაში განხილულია სკანდინავიური ქვეყნების, კერძოდ ფინეთის როლიც, რომელსაც მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ღია მმართველობის იმ ტრადიციებს, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანების დროს ამაყობდა და აქტიურად დაუპირისპირდეს ბრიუსელში დამკვიდრებულ მიდგომებს.

EUobserver-ის პუბლიკაციის თანახმად, რომელიც თავდაპირველად Helsingin Sanomat-ში დაიბეჭდა, ევროკავშირის ამჟამინდელი კურსი გამჭვირვალობის თვალსაზრისით კრიტიკულ სიგნალს აგზავნის. გამოცემის დასკვნით, დემოკრატიული სისტემა ვერ იქნება ეფექტური, თუ გადაწყვეტილების მიმღები პროცესები გასაიდუმლოებულია. მასალაში ხაზგასმულია, რომ თუ ევროკავშირი აღნიშნულ სახიფათო ტენდენციას არ შეცვლის, არსებობს რისკი, რომ ინსტიტუტებმა დაკარგონ როგორც მოქალაქეების ნდობა, ისე საკუთარი ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულება.

დღის ამბები