25 ივნისი 2026,   00:34
ვრცლად
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის კრიზისი და EEAS-ის ევროკომისიასთან ინტეგრაციის პერსპექტივა - EUOBSERVER

ბრიუსელის პოლიტიკურ წრეებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შესაძლო მასშტაბური რეფორმის შესახებ დისკუსია აქტიურად მიმდინარეობს.

EUOBSERVER-ის ცნობით, 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულებით დაარსებული დიპლომატიური უწყება თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს, რაც მის სტრუქტურულ ხარვეზებთანაა დაკავშირებული.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მთავარი პრობლემა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციის გადატვირთულობაა - ამჟამად კაია კალასს ერთდროულად სამი ფუნქცია აკისრია - ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად, დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთი პირის მიერ ამ სამი როლის სრულყოფილად შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელია, რის გამოც უწყებას ინსტიტუციური სიმტკიცე აკლია.

EEAS-ის სისუსტე ასევე განპირობებულია მისი ჰიბრიდული ბუნებით, რადგან ის ბიუჯეტისა და პროცედურების კუთხით ევროკომისიაზეა დამოკიდებული, თუმცა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხშირად არასაკმარისია, რაც სამსახურს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურად კოორდინაციაში უშლის ხელს.

სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური რეალობა შეიცვალა.
როდესაც უწყება შეიქმნა, წევრი სახელმწიფოები ევროკომისიის როლის შეზღუდვას ცდილობდნენ უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა დღეს ევროკომისია ამ სფეროებში ინტეგრირებულია - ჰყავს თავდაცვის კომისარი, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით კომისიამ ლიდერობა აიღო ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა სანქციები და ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკა, რაც ადრე EEAS-ის კომპეტენცია იყო.

ამ ცვლილებების გამო, უმაღლესი წარმომადგენლის შესაძლებლობა, წამოიწყოს ინიციატივები და მართოს პოლიტიკა, მკაცრად არის შეზღუდული.

საგარეო პოლიტიკის მთავარი გადაწყვეტილებები ახლა ევროპული საბჭოს დონეზე მიიღება, სადაც უმაღლესი წარმომადგენლის როლი შედარებით სუსტია.
სწორედ ამიტომ, დისკუსიის ფარგლებში ერთ-ერთ გამოსავლად EEAS-ის ევროკომისიის სტრუქტურაში ინტეგრირება განიხილება.

მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი პასუხისმგებლობებს გაამარტივებს, აღმოფხვრის ფუნქციათა დუბლირებას და საგარეო პოლიტიკას უფრო სტრატეგიულს გახდის.

საგულისხმოა, რომ რეფორმისთვის ევროკავშირის ხელშეკრულებების გადახედვა არ არის საჭირო და ეს შესაძლებელია 2010 წლის EEAS-ის შესახებ გადაწყვეტილებაში შესწორებების შეტანით.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები აფრთხილებენ გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ ინსტიტუციური ცვლილებები პანაცეა არ არის, რადგან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება და ერთიანი პოზიციის ნაკლებობაა.

ამდენად, ინსტიტუციური მოწყობის მოდერნიზაცია სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა რეალური ეფექტისთვის აუცილებელია წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნების კონსოლიდაცია.

დღის ამბები