საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სკანდალია, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ფაშისტური განცხადებები კეთდება, რომელიც ვიზებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის სეგრეგაციას ეხება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან ადამიანების სეგრეგაცია თავისი არსით ფაშისტური მიდგომაა და ამას ისე ამბობენ, რომ ვერც კი აცნობიერებენ, რადგან ეს ზოგიერთისთვის რაღაც ორგანული ნაწილი ხდება.
"სკანდალია, როდესაც ვხედავთ, რომ პირდაპირ ფაშისტურ, არა თუ განცხადებებს, არამედ მოწოდებებს ვხედავთ უკვე ოფიციალურ დოკუმენტებში. ეს მოწოდება იყო ევროპარლამენტის ერთ-ერთ განცხადებაში, რომ მოხდეს სეგრეგაცია ქართველი ხალხის, დაიყოს ის სოციალურ ჯგუფებად და გამოიყოს ჯგუფი ჟურნალისტი და ჯგუფი სტუდენტი, თუ ჯგუფი აქტივისტი. ამ სამ სოციალურ ჯგუფს ჰქონდეს უფრო მეტი უფლება ევროკავშირის მხრიდან მინიჭებული, ვიდრე მუშას, გლეხს, ინჟინერს და ექიმს. ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ფაშიზმი. თან როგორი ფაშიზმია იცით? აი თავისი არსით ფაშისტური რომ არის, სოციალურ ჯგუფებად ყოფენ საზოგადოებას და ამას ისე ამბობენ, რომ ვერ აცნობიერებენ სინამდვილეში. რატომ? იმიტომ, რომ ეს ზოგიერთისთვის რაღაც ორგანული ნაწილი ხდება. ეს არის სეგრეგაცია, რომელიც ვიცით, რომ ევროპაშიც იყო. იმ ევროპაში, რომლის მობრუნება დემოკრატიისკენ და ადამიანის უფლებებისკენ, 300 000 ქართველის სიცოცხლე დასჭირდა მეორე მსოფლიო ომში, რომ ევროპა იმ კალაპოტში ჩამჯდარიყო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ახალი წესების შესაბამისად დაწესდა. მაგრამ, ახლა, ამ მიდგომებით, სეგრეგაციით, როდესაც ვიღაცა ჯგუფს უფლება აქვს შევიდეს დაჯდეს ავტობუსში წინ და ვიღაცას უფლება აქვს დაჯდეს მხოლოდ უკან, როდესაც იარლიყის მიწებება ხდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჯგუფებისთვის და იტყვიან - თქვენ ხართ აქტივისტი? კი ბატონო, თქვენ გექნებათ უვიზო მიმოსვლა. თქვენ ინჟინერი? არა ინჟინერს დაგაწებებთ მხარზე ბორჯღალის ნიშანს და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც მოპყრობა იქნება სხვანაირი. ამიტომ, თავად ამ აზრმა ვიღაცის თავში რომ გაიელვა, უნდა დავფიქრდეთ და მოვძებნოთ ეს ადამიანები ვინ არიან.
ჩვენ ვნახეთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის იქნა შემოღებული სავიზო რეჟიმი საერთაშორისო სამართლის დარღვევით და ამ შემთხვევაში, ევროკავშირი არის ოფიციალურად, საერთაშორისო სამართლის დამრღვევი იმ პირობებში, როდესაც თავად რუსეთს უყენებს ამ პრეტენზიას, თავად არის დამრღვევი საქართველოსთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც შეაჩერეს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან, დაარღვიეს 2010 წლის ხელშეკრულება საქართველოსთან. პირდაპირ დაარღვიეს, ამას წყალი არ გაუვა. ნებისმიერი სამართლებრივი ტესტით, ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რაც მაშინ ჩაიდინა ევროკავშირმა. ამიტომ იყო, რომ შემდეგ რაღაც წესები გამოიგონეს თითქოს ვიზისთვის. ვიზა, რომელსაც არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს მოფიქრებულ, მოძრავ თუ არამკაფიო კრიტერიუმებთან, როგორიც არის დემოკრატიული შეფასებები, გამოიგონეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად შარი მოედოთ საქართველოსთვის, ან რაღაცნაირად დაესაბუთებინათ ვიზის შეჩერება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.