თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი აქტივისტების ემოცია, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის ვერდიქტს მოჰყვა. მსაჯულმა 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის საქმეში ბრალდებული ოპოზიციონერი აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დამნაშავედ ცნო, თუმცა პატიმრობის ნაცვლად მას 5 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ხუთ წლიანი პატიმრობა შეეფარდათ აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს. გამოძიების ინფორმაციით, ორივე მსჯავრდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, ანტონ უპერზე მალე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
ონლაინდისკუსიაში ნანა სანდერი 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის სცენარს განიხილავს და ქუჩის ბრძოლისთვის ემზადება. მოსამართლემ დღეს ის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატი კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აანონსებს.
8 თვიანი სამართლებრივი დავა, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე დასრულდა.
მოსამართლემ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის დაკავებული 13 პირი დამნაშავედ ცნო. 12-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მოინანია, მათ საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდათ. 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა მანუჩარ მიქელაძეს, რომელმაც საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა.
4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დაკავებული 64 პირიდან 30-ზე მეტმა დანაშაული მოინანია, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ნაწილმა კი ბრალის აღიარებაზე უარი თქვა. მათ შორის იყო გიორგი ჩახუნაშვილიც, რომელსაც 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის ფიგურანტებსა და საპროცესო შეთანხმებებზე დღეს კომენტარი გენერალურმა პროკურორმა გააკეთა.
4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს და ორბელიანის სასახლეში შეჭრა სცადეს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.