ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ 2025 წლის ივნისში ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიამდე, მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ნებართვა არ უთხოვია.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კამპანიამდე ტრამპს უთხრა: „ჩვენ შევდივართ ირანში, რადგან არ ვაპირებ, გულხელდაკრეფილი ველოდო ჩვენს მტრებს - მტრებს, რომლებიც ღიად და ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათ სურთ ჩვენი განადგურება, სხვათა შორის, თქვენიც“.
„მე ამის დაშვებას არ ვაპირებ. სწორედ ამიტომ ვმოქმედებთ. მე ნებართვა არ მითხოვია. მე უბრალოდ ვაცნობე მას ჩვენი გეგმის შესახებ“, - ამბობს ისრაელის პრემიერი და დასძენს: „მოხარული ვიყავი, რომ მან საბოლოოდ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედების დასკვნით ეტაპზე, მხარი დაგვიჭირა“.
გასული წლის კამპანიის დასაწყისში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმის გეგმების შესახებ აშშ-ს აცნობა.
როგორც მედია წერს მისი ამჟამინდელი კომენტარები, მიზნად ისახავს ისრაელის სტრატეგიული დამოუკიდებლობის ხაზგასმას იერუსალიმსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე. დაძაბულობა უკავშირდება ტრამპის მცდელობებს, მიაღწიოს შეთანხმებას თეირანთან, ასევე შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ აშშ-მა შესაძლოა შეზღუდოს ისრაელის სამხედრო მოქმედებების თავისუფლება.
ირანის, ღაზაში ჰამასისა და ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო მიღწევების დაცვისას, ნეთანიაჰუ დაჟინებით აღნიშნავს, რომ „უსაფრთხოება მიიღწევა ერთი წესით... თუ ვინმე მოდის შენს მოსაკლავად, ადექი და მოკალი ის პირველმა".
მისი თქმით, ეს ასახავს ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინის ცვლილებას უფრო პრევენციული მიდგომისკენ: „გავიდეთ არენაზე, ვიყოთ ინიციატორები, შევუტიოთ“. მან დასძინა, რომ ბოლო კონფლიქტების დროს „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ, იყო შიშის ბარიერის დანგრევა“.