ნანუკა აუცილებლად მიიჩნევს, ყოფილ "ნაციონალებთან" სააკაშვილის სურვილით დამყარებული კავშირის გაწყვეტას. ოპოზიციური გაერთიანების დატოვება და დემარში ნანუკა ჟორჟოლიანის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში. ეს მისთვის პრინციპული საკითხია, რის გამოც სააკაშვილის რჩეულმა, თავად სააკაშვილს და მასთან ერთად მთელ პარტიას, ოპოზიციურ გაერთიანებაში დარჩენის გამო, თავმოყვარეობა დაუწუნა.
პარტიის ახალ, თუმცა კარგად ნაცნობ ძველ სახეს, ძველმა "ნაციონალებმა" უთხრეს, რომ გუნდში ახალგაზრდებს მხოლოდ ასაკის გამო არ იღებენ, მითუმეტეს მენეჯმენტურ რგოლში.
ოპოზიციური გაერთიანებიდან გამოსვლაზე მნიშვნელოვანი, ვეტერანი "ნაციონალებისთვის" პარტიის კრიზისიდან და იმ ფინანსური პრობლემებიდან გამოყვანაა, რომელმაც სააკაშვილის გუნდი შესაძლოა საბოლოოდ ჩამოშალოს. ამიტომ ნანუკა ჟორჟოლიანს საჯარო ეთერებიდან მიმართავენ, რომ უმჯობესია "ნაციონალური მოძრაობის" მართვის სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე იფიქროს.
თუმცა, ამის ნაცვლად, ჟორჟოლიანი "ნაციონალების" მძიმე წარსულზე საუბრობს. თავს ესხმის სააკაშვილის გუნდიდან, სააკაშვილის ლანძვით წასულ ნიკა მელიას, რომელსაც რუსთავის ციხის ექსპრეზიდენტი პატიმრის საჯარო შეურაცხყოფასა და ღალატში ადანაშაულებს.
მოღალატეები და თავდამსხმელები არც ყოფილ "ნაციონალებს" უნდათ ოპოზიციურ გაერთიანებაში. სააკაშვილის გუნდიდან წლების წინ წასული ნიკა გვარამია ერთ- ერთია, ვინც სააკაშვილის პარტიას მოუწოდებს შეწყვიტოს დაუსრულებელი იერიშები და დროულად ჩამოყალიბდეს.
განსაკუთრებული არც ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებელი პარტიები თვითდაზიანების რეჟიმში არიან, რაც სააკაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ძალებს საბოლოოდ გაანეიტრალებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი უახლოეს 2 კვირაში შესაძლოა უფრო მეტად გაღრმავდეს. მიზეზი მოახლოებული არჩევნებია, სადაც ბანაკებად დაყოფილი პარტია სააკაშვილის რჩეულს სხვადასხვა ფლანგიდან დაუპირისპირდება. ჟორჟოლიანს ჯერჯერობით მინიმუმ ორი კონკურენტი უკვე ჰყავს- ანა წითლიძე და თემურ გრიგალაშვილი, თუმცა თინა ბოკუჩავას ჩანაცვლებისა და ჟორჟოლიანის პარტიის მიღმა დატოვების სურვილი შესაძლოა გაცილებით მეტმა გამოთქვას.