25 ივნისი 2026,   01:23
ვრცლად
"არანაირი დაგვიანება" - ჯანმოს ხელმძღვანელი ევროპაში ექსტრემალური სიცხის ფონზე ლიდერებს მოუწოდებს, ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ

ბოლო დღეებში, ევროპაში სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით ათობით ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ზომების მიღება, მომავალში ყველანაირი შეფერხების გარეშე უნდა მოხდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

„ლიდერებმა, პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ, კლიმატისადმი მდგრადი ჯანდაცვის სისტემებში ინვესტიციებს, ამავდროულად დააჩქარონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებები და შეამცირონ კლიმატის კრიზისის გამომწვევი მიზეზები“, - განაცხადა ტედროსმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მოსახლეობის დასაცავად, ჯანმო ხელისუფლებებს მოუწოდებს, გახადონ ქალაქები უფრო გრილი, უზრუნველყონ წყალსა და ჩრდილზე წვდომა, აკონტროლონ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა და მოამზადონ ჯანდაცვის სისტემები პიკური ტემპერატურის მიღწევამდე.

მედიის ცნობით, ევროპის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დათბობადია.

მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სიცხემ 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ბოლო 20 წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა.

 

 

 

 

დღის ამბები