25 ივნისი 2026,   01:21
ვრცლად
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება, რომელიც სამ ეტაპად წარიმართება

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც ელექტრონული ფორმით წარიმართება. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია 8 მიზნობრივი ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, მრავალშვილიანი ოჯახების შვილები და სხვა პრიორიტეტული კატეგორიები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და განკუთვნილი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვებისთვის. მესამე საყოველთაო ეტაპი კი 20 ივლისს გაიხსნება. ამ დროიდან რეგისტრაციას 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის ნებისმიერი მშობელი შეძლებს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

ახალი სააღმზრდელო წლისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. სულ მალე, ლილოს დასახლებაში 400-მდე აღსაზრდელი ახალ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში ივლის. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ რამდენიმე განახლებული ბაღის გახსნა იგეგმება.

მანამდე კი, პირველი ივლისიდან დედაქალაქში საზაფხულო ბაღები დაიწყებენ ფუნქციონირებას. პროგრამაში ჩართვის მიზნით რეგისტრაცია 19 ათასამდე მშობელმა გაიარა.

 ავტორი: ირაკლი კოშაძე 

დღის ამბები