"კარგია თუ ასე იქნება ერთად თავმოყრილი მზა ინფორმაცია და არ მოგვიწევს ცალ-ცალკე შესვლა" - ასე აფასებენ მოქალაქეები სიახლეს, რომელიც სასურსათო პროდუქტების საინფორმაციო პორტალის შექმნას გულისხმობს. ekalata.gov.ge - ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს, ერთ სივრცეში უყრის თავს. საინფორმაციო პლატფორმა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ წარადგინა. ირაკლი ლექვინაძემ პრეზენტაციის დროს, დეტალურად ახსნა საიტის მუშაობის პრინციპი.
13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი და ფასდაკლებები, რომელსაც ამ პროდუქტებზე 12 მსხვილი ქსელი ადგენს. ახალი ვებ-გვერდი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში და საბოლოოდ მათთვის სასურველი არჩევანი გააკეთონ. მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდასთან ერთად პლატფორმა მსხვილ ქსელებს შორის კონკურენციის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ფასების რეგულირების საკითხზე სამთავრობო კომისიამ იმუშავა. სასურსათო პროდუქციაზე ფასწარმოქმნის მექანიზმი შეისწავლეს საპარლამენტო კომისიაშიც. სწორედ საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე, მსხვილი სავაჭრო ქსელები უკვე ორი თვეა მოქალაქეებს "საოჯახო კალათით" განსაზღვრულ საბაზისო პროდუქტებზე, რეგულარულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ფასების შემცირების მიზნით შექმნილი სტრატეგიის ფარგლებში დაევალა კონკურენციის სააგენტოს, პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში მოეთავსებინა.
პროგრამაში ჩართული მსხვილი სავაჭრო ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტების ფასდაკლებების შესახებ. ახალი პლატფორმის გაფართოებასთან ერთად, იგეგმება სპეციალური აპლიკაციის შექმნაც მობილური მოწყობილობებისთვის, რაც მომხმარებლებს ფასების შესახებ ინფორმაციის უმოკლეს დროში მიღებას გაუმარტივებს.