15 ივნისი 2026,   16:34
ვრცლად
საქართველოს განვითარების დონე გაცილებით მაღალია, სცენარს ჰგავს, სადაც უფრო პოლიტიკური მიზნების მიღწევა უნდათ, ვიდრე რეალური გაფართოება - ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადება კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა, სადაც ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაიწყო.

თბილისში კიდევ ერთხელ საუბრობენ ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებაზე, რაც კოსის განცხადებებით და ახალი წევრების მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებითაც დასტურდება, რომლებსაც მეორეხარისხოვნად მოიაზრებენ.

საკითხს გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქცენტს ორმაგ სტანდარტზე აკეთებს.

მისი თქმით, საქართველო ყველა კრიტერიუმითა თუ პარამეტრით უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას.

"საქართველოს განვითარების დონე, ამ ორ ქვეყანასთან შედარებით, თუნდაც ბალკანეთის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელზეც საუბარია, გაცილებით მაღალია.

რაც შეეხება თვითონ გაფართოების საკითხს - დიდი გაუგებრობაა. ვინც ადევნებს თვალ-ყურს ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების ბოლო ხედვას, არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა ახალი გაფართოების ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის, ერთგვარი მეორე ლიგა დაწესდეს და ეს სერიოზულად განიხილება.

მათივე განცხადებით, ეს გულისხმობს იმას, რომ ვინც გაფართოების შესაძლო ახალ ტალღაში შეიძლება მოხვდნენ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ფინანსებისა და გაფართოების საკითხებში არ ექნებათ ხმის უფლება.

ჯერ ეს პროცესი უფრო ერთგვარ პოლიტიკის სცენარს ჰგავს, სადაც გარკვეული პოლიტიკური მიზნების მიღწევა უნდათ, ვიდრე რეალური გაფართოება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები