პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს და ტელეეთერიდან არ უნდა ისმენდეს იმას, რომ არ არის აუცილებელი უშუალო ამსრულებელი იყო დანაშაულის, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება ადამიანი, რა უნდა მოინანიოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, სისხლის სამართალში არსებობს პასიური როლი, უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული.
„არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ვინმე მტერია ვინმესი და ძალიან გვიხარია ვიღაცის პატიმრობა. პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს და ტელეეთერიდან არ უნდა ისმენდეს იმას, რომ არ არის აუცილებელი უშუალო ამსრულებელი იყო დანაშაულის, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება ადამიანი, რა უნდა მოინანიოს. შეიძლება, ოპერატიულად ინფორმაციაც კი გქონდეს ადამიანს, რომ ორგანიზატორებს შორის მართლაც იყო ეს ადამიანი. ახალაიასგან ზარი მასაც არაერთი აქვს. ეს დადასტურდა.
ახალაია შემთხვევითი პიროვნება არ იყო. პირობითად, 17:02 საათზე პაატა ბურჭულაძემ განცხადება რომ გააკეთა, 17:00 საათზე უძღოდა ახალაიას ზარი. ზარის შინაარსი აქედან უნდა დაასკვნა, ლოგიკურად. ლოგიკა შეფასებითი კატეგორიაა სამართლის, მათ შორის, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში. პირობითად, 14:00 საათზე განცხადება რომ გააკეთა მურთაზ ზოდელავამ რაღაც ძალადობის შესახებ, 13:59 საათზე მორჩა ახალაიასთან საუბარს. იმ დღეს არ იყო პაატა მანჯგალაძესთან, მაგრამ მანამდე, როდესაც ეს ორგანიზდებოდა, მასთან ერთადაც იყო, მაგრამ ბრალი იმაზე კი არ აქვს წარდგენილი, რაც შეიძლება პირდაპირი მტკიცებულება არ ყოფილიყო, ბრალი აქვს იმაზე წარდგენილი, თავისი იმ მოქმედებით, სადაც დააიდენტიფიცირა საკუთარი თავი, დადგა ერთ ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა საკუთარი, პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ ორგანიზატორებს შორის დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი. ეს არის დანაშაული.
პაატა მანჯგალაძეს აქვს სხვებთან შედარებით პასიური და შედარებით ნაკლები როლი, მაგრამ ხვალ რომ თქვენ დადგეთ მოძალადეებს შორის, არ გაემიჯნოთ, დააიდენტიფიციროთ თქვენი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, თქვენი იმიჯით, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი პლატფორმით, ამ შემთხვევაში თქვენც აღმოჩნდებით ორგანიზატორი. ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. წავიდეთ დავხოცოთ ხალხიო და დგახარ, ორგანიზატორად თავს წარმოაჩენ და გინდა, რომ ეს დანაშაული არ იყოს, ასე არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.