აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს
საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე - სულ 400-მდე ლოკაციაზეა გამოფენილი. საქართველოს შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
ITB China-სთვის საგანგებოდ ემზადება შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანი, რომელიც გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს გააცნობს და მასტერკლასებს გამართავს.
გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.