13 ნოემბერი 2026,   16:22
ვრცლად
"არ გვქონდა წარმოდგენა, ვინ იყო, რაში ერევა, ან რა ფორმით შეუძლია ჩაერიოს საქართველოს საქმეებში" - გიორგი ბუტიკაშვილი ბლაჟევიჩზე

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების საგანია ჩეხი აქტივისტის, იგორ ბლაჟევიჩის საქმე. ბლაჟევიჩს, რომელიც "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერია, საქართველოში საგამოძიებო უწყება ოპოზიციასა და აქტივისტების რევოლუციური სცენარების შემუშავებაში გადამზადებას ედავება.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც აკერმანი გარდაიცვალა, ახლა ახალი ფიგურა გამოიგონეს.

"არ გვქონდა წარმოდგენა, ვინ იყო ან რაში ერევა ან როგორ ერევა, ან რა ფორმით შეუძლია ჩაერიოს საქართველოს საქმეებში. განსაკუთრებით, ჩვენ დაგვარწმუნოს რაღაცაში, რაც შეიძლება არც წარმოადგენდეს ჩვენს გზას და არჩეულ ხაზს, რაც ალიანსს და სტრატეგიას შეეხება. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც აკერმანი გარდაიცვალა, საჭირო იყო ახალი ბუას გამოგონება და ეს ბუა გამოიგონეს პროპაგანდისტებმა სწორედ იმიტომ რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში," - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.

შეგახსენებთ იგორ ბლაჟევიჩის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს მამხილებელი ფაქტები, ფარული ჩანაწერები, კონკრეტული მონაწილეების სახელები და გვარები და კონკრეტული დავალებები თუ რა სცენარით უნდა განევითარებინათ ქვეყანაში მოვლენები.

დღის ამბები