უკიდურესად რთული ვითარებაა ჰორმუზის სრუტეში, სადაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ორი გემი დააკავა - საუბარია ლიბერიის და პანამის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე, რომლებიც სრუტეს ტოვებდნენ. ორივე გემი დარტყმების შედეგად დაზიანდა.
როგორც ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, ირანის ხელისუფლება გემებზე თავდასხმით, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის დემონსტრირებას, გლობალური ნაოსნობის შეფერხებას და ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოლაპარაკებებში დათმობების მოპოვებას. პარალელურად, ტელეკომპანია Fox News-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით აზუსტებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ 21 აპრილს გამოცხადებული დროებითი ზავი კიდევ სამიდან ხუთ დღემდე გაგრძელდება.
ამავდროულად, The New York Post-ი იტყობინება, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, შესაძლოა, უახლოესი 36-72 საათის განმავლობაში გაიმართოს.