04 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა გუშინ, დღის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

დახურულ რეჟიმში წარმართულ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დაშვებულობასა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

"მტკიცებულებების გავლა ხდებოდა. ბრალდების მხარის და ჩვენი პოზიციები იქნა შეჯერებული და სასამართლომ გამოიტანა კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენი შუამდგომლობების კუთხით, ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილდა. შესაბამისად, ამ მტკიცებულებებით წარვდგებით სასამართლოში და ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის დამტკიცებას," - აცხადებს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმაც.

"ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, სრული მოცულობით, სასამართლომ ცნო დასაშვებად და დაერთო საქმეს, როგორც მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ეყოლება სასამართლოში ის მოწმეები, რომლებიც თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებენ ბრალად წარდგენილ ქმედების ჩადენის ფაქტს, მათ შორის, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზეც არის საუბარი. შესაბამისად, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ამ მტკიცებულებების არსებითი განხილვისას, სასამართლო მივა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე გამამტყუნებელი განაჩენის სახით," - აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 4 თვის წინ, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ დააკავეს. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არის ჩადენილი. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები