საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა "ქრონიკის" ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
"თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და სამწუხაროდ, წარსულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ არის რეალობას მოწყვეტილი ასეთი შემთხვევები, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, თუ რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება - სუვერენიტეტის ჩუმი, თითქოს არაძალადობრივი და, ამავე დროს, ყველაზე მზაკვრული ხელყოფა, როდესაც უცხო ცდილობს, ხელი აფათუროს სხვა ერის, სხვა საზოგადოების ცხოვრებაში. ამაზე დიდი ბოროტება დღესდღეობით რთულია წარმოიდგინო, ვიდრე ის, რომ ქვეყნები, ჯგუფები თუ ადამიანები სხვა ერების ცხოვრების არევაც ცდილობენ.
სწორედ ამას ეხმიანება დღეს კონფერენციაზე ჩემი გამოსვლაც, რომ მთავარი
გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ, არის სწორედ გარე ჩარევა. მე პირადადაც დავინტერესდები ამ საკითხით - ჩეხეთის შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება შეიცვალა, იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება, დგას თუ არა ამის უკან სახელმწიფო დაფინანსება. ყველაფერს ჩავყვებით დეტალურად - არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი პერვერსული რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს, ყველა საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენიც უნდა, იმდენი რევოლუცია და გადატრიალება. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას. გვეყო, წარსულში რაც ურიეს გარედან ჩვენი ხალხის ცხოვრება და რაც დააზიანეს. ყველა ზიანი, რაც კი მიგვიღია, მიგვიღია სწორედ ასეთი არამკითხე მოამბეების საქართველოს საქმეებში ჩარევით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.