სტარბაქსი საქართველოში შემოდის. პირველი ობიექტი ზაფხულში, "აქსის თაუერსში" გაიხსნება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ქართულ ბაზარზე ოფიციალურად, პარტნიორ, "ალშაია გრუპთან" ერთად იწყებს ოპერირებას.
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, დედაქალაქის შემდეგ, ბრენდი ეტაპობრივად საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.
"რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებები "ალშაია ჯგუფთან" წარმატებით დავასრულეთ და პირველი სტარბაქსის ფილიალი თბილისში უკვე ზაფხულში გაიხსნება. მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ პირველი ფილიალი ზაფხულში გვექნება. ეს არ იქნება ერთადერთი ფილიალი, აქ მხოლოდ თბილისზე არ არის ლაპარაკი, იქნება სხვა ქალაქებშიც. ასევე, არ არის მხოლოდ მაღაზიის ფორმატზე ლაპარაკი, ლაპარაკია სხვადასხვა ფორმატებზე. ამიტომ, მგონია, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და დღეიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სტარბაქსი" საქართველოშია," - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.