მიმდინარე წლის აპრილიდან, აკრძალულია პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული საგნების - დანების, ჩანგლების, კოვზების, ჩხირების, კონტეინერების, ჭიქებისა და მათი თავსახურების წარმოება, ექსპორტი და რეალიზება. ამავე პერიოდიდან, აკრძალვას ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ჭიქების, კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენაც, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან კი საზოგადოებრივი კვების ობიექტები ერთჯერად სასურსათო კონტეინერებს ვეღარ გამოიყენებენ.
გადაწყვეტილებებს, რომლებიც გარემოს დაბინძურებისა და პლასტმასის ნარჩენებით გამოწვეული პრობლემების წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების შექმნას ემსახურება, ბიზნეს-ასოციაციაში მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ, ნებისმიერი ახალი ინიციატივის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შესაძლო გვერდითი ეფექტების სრულად გათვლა.
ბიზნესსექტორთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, კიდევ ერთი რეგულაციის ამოქმედება გადავადდა. 2027 წლის ნაცვლად, 2031 წლის 1-ლი თებერვლიდან, ექსპორტის გარდა, აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. შეზღუდვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.
ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, რეგულაციის ოთხი წლით გადავადება გონივრული ვადაა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აკრძალვის ახლავე ამოქმედება წარმოების შემცირებასა და სამომხმარებლო ფასების ზრდას გამოიწვევდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადაწყვეტილებების საფუძვლად გარემოზე ზრუნვას ასახელებს. უწყების მიერ პლასტმასით დაბინძურების შესაფასებლად ჩატარებული კვლევების შედეგები საგანგაშოა - მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასას წარმოადგენს. მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე მოდის.