ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში რჩება ლიბანი. ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ქალაქ ტირეში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
აღნიშნული იერიშის პარალელურად, ვაშინგტონში ლიბანისა და ისრაელის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. მხარეები პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც აღნიშნულ შეკრებას ისტორიული შესაძლებლობა უწოდა. ლიბანმაც და ისრაელმაც განაცხადეს, რომ დისკუსია პოზიტიური იყო, თუმცა უცნობია შეთანხმდნენ თუ არა ისინი სამშვიდობო ჩარჩოზე.
ამავე დროს, თავად დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების განახლება არ გამორიცხა. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას. მისი ამოქმედებიდან 36 საათზე ნაკლებ დროში, აშშ-ის ძალებმა სრულად შეაჩერეს ირანში საზღვაო გზით შემავალი და გამავალი ეკონომიკური ვაჭრობა - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ადმირალი ბრედ კუპერი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანულ ნავთობზე დროებით შეჩერებული სანქციები 19 აპრილიდან სრულად აღდგება.