06 აგვისტო 2026,   11:24
ვრცლად
პარლამენტში "დედა ენის" დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 

პარლამენტში „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დედა ენა“ - ჩვენი საგანძური“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„გილოცავთ „დედა ენის“ დღეს, ქართული ენის დღეს, რომელსაც ყოველწლიურად განსაკუთრებით აღვნიშნავთ. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ენა არის ჩვენი იდენტობის ბირთვი - ჩვენი ისტორია, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი სული. ილია ჭავჭავაძეს არ შეუთხზავს ფორმულა - მამული, ენა, სარწმუნოება. მან მხოლოდ დაინახა, შეაჯამა და გამოთქვა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართველ ერს. ეს არის სამი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ყოფა. თუ ერთი სვეტი დაირღვა, დანარჩენიც იწყებს რყევას. თაობებს შორის კავშირი, დროში და სივრცეში გაბმული ეს უწყვეტობა, არის ერის თვითიდენტიფიკაციისა და კოლექტიური მეხსიერების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივემართებით. რა არის ჩვენში ურყევი, შეუცვლელი და ბოლომდე დასაცავი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული ენა არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული, ეს არის ცივილიზაცია, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს.

„ძნელია მოიძებნოს სხვა ენა, რომლის საუკუნეების წინანდელი ფორმაც ასე გასაგები იყოს თანამედროვე ერისთვის. ქართულ ენას სწორედ ეს უნიკალური უწყვეტობა აქვს. ჩვენ ვკითხულობთ 1700 წლის წინანდელ წმინდა ნინოს ცხოვრებას, 1500 წლის წინანდელ შუშანიკის წამებას და არა მხოლოდ გვესმის მათი შინაარსი, ჩვენ ვგრძნობთ მათ სულს, მათ ძალას, მათ მშობლიურობას. ეს არის იშვიათი ისტორიული პრივილეგია და ამავდროულად - დიდი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
მან ყურადღება გაამახვილა ქართული ენის ისტორიულ მნიშვნელობასა და როლზე ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. მარიამ ლაშხის თქმით, ენის დაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.

„1978 წელს დაიცვეს დედა ენის სახელმწიფო სტატუსი, 14 აპრილი - ეს დღე არის სიმბოლო ქართველთა ერთიანობის, თავდადების და სიყვარულის. ჩვენ ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, ვისაც ერთი ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს. ნიკო მარი ამბობდა: ისე მდიდრულია ქართული ენა შინაგანი თვისებებით, იგი მსოფლიო ენააო. ეს სიამაყე ვალდებულებაა ყველა ჩვენგანის. სახელმწიფომ ეს ვალდებულება კონკრეტულ საქმეებად გადააქცია. 211 სკოლაში, 60 ბაღში, 11 სასწავლო ცენტრში, ათასობით სპეციალისტი ყოველდღე იცავს ქართულ ენას. ყოველწლიურად 30 ათასამდე ადამიანი ეუფლება მას. ძვირფასო მოსწავლეებო, თქვენ ის თაობა ხართ, ვინც ქართული ენა ციფრულ სამყაროშიც უნდა დაიცვას. ისაუბრეთ ქართულად, სუფთად ბარბარიზმების გარეშე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

„დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

დღის ამბები