07 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
სპეციალურად მანიპულირებენ იმისთვის, რომ გააჩინონ განცდა, თითქოს ვინმეს მიერ დეკლარაციები იმალება - ლევან მახაშვილი

მორიგ მანიპულაციად და მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს მმართველი გუნდი მათი ოპონენტებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ნარატივს, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ დეკლარაციების შევსება შეწყვიტა.

უმრავლესობა ამბობს, რომ ეს სიცრუეა, პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, დეკლარაციები ივსება და ის სრულად ხელმისაწვდომია აუდიტის სამსახურისთვის. რაც შეეხება მათ საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებას, ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ პასუხობს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში, მათ შორის, ამერიკაში, ისრაელსა თუ დიდ ბრიტანეთში, სადაც სპეცსამსახურების მუშაობის სტანდარტი მაღალია, არათუ ხელმძღვანელის, არამედ რიგითი თანამშრომლის დეკლარაციაც კი საჯაროდ არ ქვეყნდება, რადგან დოკუმენტები შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა საცხოვრებელი მისამართი და სხვა პირადი ინფორმაცია, რისი ღიად დატოვებაც დაუშვებელია.

"სპეციალურად მანიპულირებენ იმისთვის, რომ გააჩინონ განცდა, თითქოს ვინმეს მიერ დეკლარაციები იმალება. რაიმე დამალვაზე საუბარი ზედმეტია, ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, რადგან არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში, სპეცსამსახურების წარმომადგენლების, მით უმეტეს, თანამდებობის პირების პერსონალური ინფორმაცია საჯარო არ არის, ბუნებრივია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. არც ამერიკაში, არც ევროპაში, არც ისრაელში და არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთი ინფორმაცია საჯარო არ ხდება. ჩვეულებრივ ხდება შემოწმება, ამ დეკლარაციების გადამოწმება შესაბამისი სამსახურების, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მაგრამ როდესაც საქმე ეხება გასაჯაროებას, თუ სად ცხოვრობს, ოჯახის წევრები სად ცხოვრობენ და ა.შ. ეს არის სენსიტიური ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები