06 აგვისტო 2026,   18:04
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი

საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია, გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.

ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ამ თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთან მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ გეოპოლიტიკური რისკები მზარდია, თუმცა საქართველო კარგად მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად.

სავალუტო ფონდის ანგარიში მიმოიხილავს ბოლოდროინდელ ეკონომიკურ ვითარებას, პერსპექტივას, რისკებს, პოლიტიკის პრიორიტეტებს, მონეტარული და ფინანსური სექტორის პოლიტიკას.

"საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია, გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე. ამავდროულად, გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით, პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნა, ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება.

ქვეყნის საგარეო პოზიცია გაძლიერდა, რამეთუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფისკალური პოლიტიკის დისციპლინა შენარჩუნებულია, სახელმწიფოს ვალი დაბალია. თუმცა, ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გეოპოლიტიკური რისკები მზარდია.

საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკრო-ფინანსური სტაბილურობისკენ.

2026 წლის პირველ ნახევარში, ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რაც განპირობებულია საწვავის და ელექტროენერგიის ფასების ზრდით, ხოლო 2027 წლის შუა პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდება, რადგან სურსათისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტი მიილევა.

ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევა მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საქართველოს როგორც სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებას", - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

დღის ამბები