07 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
სრულიად საქართველოს ვულოცავთ ბზობას - სიხარულით და სულიერი დატვირთვით აღსავსე დღეს - მამა საბა გაზდელიანი

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება.

ამ დღეს, ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს, ტაძრებში კი სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი აღასრულებს, რის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც "უფლისთვის მიგებების" სიმბოლო.

"გვინდა, მივულოცოთ სრულიად საქართველოს ბზობის დღე. ბზობა ეს არის სიხარულით და სულიერი დატვირთვით აღსავსე დღე. დღეს, როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, არის დიდი სიხარული, რადგანაც მაცხოვარი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და შემოდის ჩვენს გულებში. ქართული ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ვეგებებით ბზით, რადგანაც ბზა არის მარადმწვანე მცენარე და იგი არის სიმბოლო მარადიულობისა და სიცოცხლის", - განაცხადა მამა საბა გაზდელიანმა.

დღის ამბები