"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პარტია აქცენტს აკეთებს თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს.
"ნეიტრალური საქართველოს" განმარტებით, მიზანი უცხოელი პარტნიორებისთვის კონკრეტული გეგმის წარდგენაა - როგორ დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.
პარტიას არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და შეერთებული შტატების გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტებიც. "ნეიტრალური საქართველო" ამ თემებზე საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს.
ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მათი თითოეული ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოსთან, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არის ნაკარნახევი:
"ჩვენი თითოეული ნაბიჯი, აქტივობა, ურთიერთობა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან, არის ნაკარნახევი საქართველოს ეროვნული ინტერესებით. თითოეული გადაწყვეტილება, შეთანხმება, საუბარი, შეხვედრა და მით უმეტეს, მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები, არის ნაკარნახევი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით. კითხვის ნიშნები ან შიშის გაჩენა საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს, ჩემი აზრით, უადგილოა. რაც შეეხება დისკუსიებს, ზოგადად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ ამისთვის ღია ვართ და მზად ვართ", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.