07 აგვისტო 2026,   23:27
ვრცლად
ეპოქის სიმბოლოდ ქცეული ნაგებობა - გზა იდეიდან რეალობამდე - როგორ შენდებოდა სამების საპატრიარქო ტაძარი?

როგორ შეირჩა სამების საპატრიარქო ტაძრის არქიტექტურული პროექტი და რატომ გადაწყდა ტაძრის აშენება სწორედ წმინდა ელიას მთაზე - დაიბადა იდეა... რწმენით, იმედით, მოთმინებით და ერთიანობით სავსე იდეა. გავა წლები და თბილისის ცაზე აღიმართება გუმბათი, რომელიც დღეს არა მხოლოდ დედაქალაქის არქიტექტურული სიმბოლო, არამედ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია.

ყველაფერი ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, 1988 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის აღმასკომმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი მიიღო.

პატრიარქის წერილი უყურადღებოდ არ დაუტოვებია თბილისის აღმასკომის თავმჯდომარეს, ირაკლი ანდრიაძეს, რომელიც მოგვიანებით, სამების ტაძრის მშობლობას პირადად ხელმძღვანელობდა. თავდაპირველი ვერსიით, ტაძარი ავლაბრის აღმართზე, ამჟამინდელი ცერემონიების სასახლის ტერიტორიაზე უნდა აგებულიყო, ასევე, განიხილებოდა ვაკეში, წმინდა სამების ტაძრის ტერიტორია. საბოლოოდ კი, არჩევანი ელიას მთაზე მდებარე, ხოჯავანქის ყოფილ სასაფლაოს ტერიტორიაზე შეჩერდა, რომელიც ჯერ კიდევ 1936 წელს ოფიციალურად გაუქმდა და რეკრეაციულ ზონად გადაკეთდა.

ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, სამების მშენებლობის მემატიანეა. მან პატრიარქის კურთხევით ყველა დოკუმენტს, ყველა ფოტოს და წერილობით მასალას მოუყარა თავი და ერთ წიგნად აქცია. წიგნში ნახავთ იმ პროექტებსაც, რომელიც 100-ზე მეტმა არქიტექტორმა ტაძრის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსზე წარადგინა.

საბოლოოდ 100-ზე მეტი პროექტიდან არჩილ მინდიაშვილის ნამუშევარმა გაიმარჯვა. 1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ელიას მთაზე ტაძრის საძირკველი საზეიმოდ აკურთხა. საძირკველში ჩაატანეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მიწა და ქვები - უამრავი ადამიანი ესწრებოდა ისტორიული იდეის ხორცშესხმის დასაწყისს.

იდეიდან რეალობამდე გზა რთული აღმოჩნდა. 90-იანი წლების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი მშენებლობას მუდმივად აფერხებდა. სამუშაოები ხშირად ჩერდებოდა - არც მოსახლეობის შემოწირულებები იყო საკმარისი და არც მწირი საბიუჯეტო დაფინანსება. არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი იხსენებს, რომ პატრიარქის მოთხოვნა იყო, საძირკველი კლდემდე ჩასულიყო - სწორედ ამიტომ სიღრმე 14 მეტრამდე დაგრძელდა, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური სირთულე არ ყოფილა - მთავარი გამოწვევა რესურსების ნაკლებობა იყო.

საბოლოოდ სწორედ "ქართუ" ფონდის დახმარებით გახდა შესაძლებელი პატრიარქის იდეის ხორცშესხმა. თავად ბიძინა ივანიშვილი კი იმ ადამიანების წვლილზე საუბრობს, ვინც ტაძრის მშენებლობისთვის თუნდაც ერთი ლარი გაიღო.

თავისი მასშტაბით სამება სიდიდით მეხუთე მართლმადიდებლური ტაძარია მსოფლიოში. 87 მეტრზე მეტი მიწის ზევით და 14 მეტრი მიწის ქვეშ... თბილისის ცაზე აღმართული გუმბათი დღეს დედაქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან მოჩანს - 5 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული კომპლექსი რამდენიმე მონასტერს, სამრეკლოს და საპატრიარქო რეზიდენციას აერთიანებს.

უნიკალური ფოტოები, დოკუმენტები და პირველი მშენებლების ისტორიები გვახსენებს, რომ ეს ტაძარი მხოლოდ საკულტო ნაგებობა არ არის - ის მთელი ერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ათასობით ადამიანისთვის ეს ადგილი რწმენის, იმედისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ადამიანები იხსენებენ, რომ მაშინ, უმძიმეს წლებში, მათმა ოჯახებმაც შეძლეს მცირედი წვლილის შეტანა - და დღეს ამით ამაყობენ.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2004 წლის ნოემბერში საზეიმოდ აკურთხა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტაძარი 22 წლის წინ გაიხსნა, თუმცა სამების ისტორია აქ არ დასრულებულა - ის დარჩება, როგორც კლდეზე დაშენებული ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო. სწორედ ამ ერთიანობის დიდი ძალა ჩანდა მაშინაც, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მის მიერ ნაკურთხი ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე ასი ათასობით ადამიანი მიაცილებდა.

 
დღის ამბები