შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის, ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის - "ჰეროინი", "მეთადონი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "მცენარე კანაფი", ნედლი და გამომშრალი "მარიხუანა".
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.