10 კილომდე ნარკოტიკი და 5 დაკავებული - კრიმინალური პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაულის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ბათუმში, ფერიის ტყეში, ე.წ. დამდებებმა სამართალდამცველებს მონიშნული ადგილები აჩვენეს. სწორედ ამ ადგილას, მიწაში დამალული მეთადონი ამოიღეს.
"კურიერმა" გაარკვია, რომ დანაშაულის ამ ეპიზოდზე დაკავებულები პოლონეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, 20 და 29 წლის მამაკაცებს, ბათუმში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. მათი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 210 გრამამდე მეთადონი ამოიღეს. ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს.
აჭარაში დაკავებულ 5 პირს შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე, 39 წლის კაცია. მას გასაყიდად გამზადებული 72 გრამამდე მეთადონი აღმოაჩნდა.
კრიმინალური პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯამში, 100 გრამი და 127 შეკვრად დაფასოებული მეთადონი, ერთ კილოგრამზე მეტი "მარიხუანა", ნახევარ კილოგრამამდე "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და 8 კილოგრამამდე "კანაფი" ამოიღეს. ერთ-ერთი დაკავებული, საკუთარ სახლში მოწყობილ სათბურში, სარეალიზაციო კანაფის კულტივირებას ახდენდა.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების საქმეებზე დაკავებულ 5 პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.