07 აგვისტო 2026,   05:43
ვრცლად
სასახლე აგრაფინასთვის…

კარგარეთელის ქუჩაზე ვისაც ჩაუვლია, შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებოდა სასახლე, რომელიც ძველი თბილისის ამ უბანში დღემდე განსაკუთრებული იერით დგას. აგურისფერი ფასადი, კოშკი, გოთიკური მოტივები და უჩვეულო არქიტექტურული სახე, ამ შენობას სხვებისგან მაშინვე გამოარჩევს. თუმცა ეს შენობა მხოლოდ თავისი გარეგნობით არ არის საინტერესო - მის კედლებში ერთდროულად ინახება სიყვარულის ისტორია, ძველი თბილისის ცხოვრების სტილი და საქართველოს კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მოდით, ამ ამბის მოყოლა თავიდან დავიწყოთ - ისტორიით, რომელიც სიყვარულსაც, სკანდალსაც და ერთ დროს მთელს საზოგადოებაში გავრცელებულ ლეგენდასაც აერთიანებს. ეს არის ამბავი ქალზე, რომლის სილამაზემ თავის დროზე ბევრი აალაპარაკა და რომლის სიყვარულის ისტორიასაც ეს სასახლე დღემდე ინახავს.

სასახლე, რომელიც მუზეუმამდე იყო

დღეს ამ შენობაში საქართველოს ხელოვნების სასახლეა განთავსებული, თუმცა მოდით დრო უკან გადავახვიოთ და იმ ეპოქაში გადავინაცვლოთ, როცა ეს ნაგებობა სასახლედ აშენდა. ის 1895 წელს აიგო. პროექტის ავტორი იმ დროის ცნობილი არქიტექტორი პაულ შტერნი იყო. მაშინ ამ ქუჩას ბაღის ქუჩას ეძახდნენ, მოგვიანებით კი პიროგოვის სახელითაც მოიხსენიებდნენ. ამ რაიონში გერმანელი კოლონისტები ბაღებსა და მწვანე ზონებს აწყობდნენ, დიდი მიწის ნაკვეთები კი ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომ ფრანც ტიტელს ეკუთვნოდა. სწორედ მის ქალიშვილს, ემილიას, შეუკვეთავს სასახლის მშენებლობა.

Open photo

თუმცა მშენებლობის პროცესში ყველაფერი შეიცვალა. ნაგებობა დასრულებამდე ახალმა მფლობელმა შეიძინა - გერმანული წარმოშობის რუსმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა. ამის შემდეგ შენობის ისტორიაც სრულიად სხვა შინაარსით აივსო…პრინცმა სასახლე თავის ერთადერთ სიყვარულს, თავადის ასულ აგრაფინა ჯაფარიძეს უყიდა - ამ ისტორიას ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდეთ.

სასახლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მისი არქიტექტურული სახეა. ეს შენობა თბილისურ ტრადიციულ არქიტექტურას აშკარად სცდება და უფრო ევროპული ციხე-დარბაზის, გოთიკური მოტივებისა და აღმოსავლური დეკორის ნაზავს წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი შენობას ზღაპრულ იერს სძენს.

Open photo

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია გერბიც, რომელიც მთავარ ბასტიონზეა მოთავსებული. მასზე გამოსახულია მონოცეროზი - ერთრქიანი მითური არსება, რომელიც სიწმინდესა და უბიწოებას უკავშირდებოდა.

ვინ იყო აგრაფინა ჯაფარიძე

სასახლის ამბის გახსენება აგრაფინა ჯაფარიძის ისტორიის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ მის სახელს უკავშირდება შენობის ყველაზე ცნობილი, ყველაზე რომანტიკული და ამავე დროს ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე ისტორია.
აგრაფინა ჯაფარიძე რაჭველი თავადის ქალი იყო. მამა ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც დედა ქალიშვილებთან ერთად ქუთაისში გადავიდა. სწორედ ქუთაისში იზრდებოდა აგრაფინა, სწავლობდა წმინდა ნინოს სასწავლებელში და მალევე გაერია იმ საზოგადოების წრეში, რომელმაც მოგვიანებით მისი სილამაზე ლეგენდად აქცია.

 Open photo

მის შესახებ გადმოცემებში თითქმის ყოველთვის ორი რამ მეორდება - გამორჩეული გარეგნობა და ცოცხალი, მხიარული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, მისი სახელი ხალხურმა იუმორმა, ქალაქურმა ჭორმა და სალონურმა ქილიკმაც ისე დაიმახსოვრა, როგორც იშვიათად ახსოვთ ვინმე.

მას ხალისიანი მეტსახელიც შეარქვეს - "აგრაფინა-კისკისა“. ეს კი ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორ აღიქვამდა მას საზოგადოება: როგორც მხიარულ, მომხიბვლელ ქალს, რომლის გამოჩენა გულგრილს ვერავის ტოვებდა. ამავე განწყობიდან მოდის ცნობილი სტრიქონიც:

„აგრაფინა-კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო“.

ამ მახვილგონივრულ და თითქოს მსუბუქ ფრაზაში სინამდვილეში მთელი ეპოქის მორალური დრამაა ჩადებული. სტრიქონი ირონიით ჰყვება ამბავს, რომელმაც ქუთაისური საზოგადოება შეძრა - თავადის მეუღლისა და სამეფო წარმოშობის პრინცის სიყვარულის ისტორიას. მაგრამ ამ ხალხურ ტექსტს მეორე ნაწილიც ახლავს, რომელიც კიდევ უფრო მეტს ამბობს თავად აგრაფინას ხასიათზე:

„დადიანი და პრინციო, ორივე კარგად ვიციო“.

ამ პასუხში უკვე არა სხვისი ხუმრობა, არამედ ქალის შინაგანი თავდაჯერება ჩანს. თითქოს აგრაფინა საკუთარ ცხოვრებაზე სხვების განსჯას პასუხობს და ამბობს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მისი საქმეა და გარედან ყველაფერი არც თუ ისე კარგად ჩანს.

  Open photo

პირველი ქორწინება - დადიანების ოჯახში

სანამ აგრასინა ჯაფარიძის სახელი პრინც ოლდენბურგს დაუკავშირდებოდა, ის უკვე გათხოვილი იყო. იგი ტარიელ დადიანის მეუღლე გახლდათ. ტარიელი ქვრივი იყო, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავდა. აგრაფინას ტარიელთან კიდევ ორი შვილი შეეძინა. მართალია ამ ქორწინებამ აგრაფინა მაღალ წრეში შეიყვანა, თუმცა არსებობდა მინიშნებები, რომ ეს ოჯახი გარედან უფრო მყარი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. მოგვიანებით გავრცელებული ვერსიები ტარიელ დადიანის აზარტულ ბუნებაზე, ვალებსა და რთულ ოჯახურ მდგომარეობაზე ყვება. თუმცა ზუსტად იმის თქმა, რა ხდებოდა ამ ქორწინებაში, რთულია. ფაქტია მხოლოდ ის, რომ აგრაფინა დადიანის მეუღლე იყო და სწორედ ამ სტატუსით შეხვდა კონსტანტინე ოლდენბურგს.

 Open photo

კონსტანტინე ოლდენბურგი იმ გვარს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ევროპულ სამეფო დინასტიებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. იგი რუსეთის იმპერატორთანაც ახლო ნათესაური ხაზით იყო დაკავშირებული. სამხედრო კარიერაც ჰქონდა და კავკასიაში მსახურობდა. ქუთაისში მისი გამოჩენა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. მაღალი წრის წარმომადგენელი, წარმოსადეგი მამაკაცი, თანაც ახალგაზრდა და დაუქორწინებელი, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესის ცენტრში მალევე აღმოჩნდა.

იმ წლებში საქართველოში ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი იმყოფებოდა, რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების შესაქმნელად.

ნაწარმოების პერსონაჟთა პროტოტიპებს ზიჩი, ძირითადად საქართველოს ელიტარული საზოგადოებიდან ირჩევდა და მათთან ერთად დგამდა ცოცხალ სცენებს, რათა ეპიზოდები რეალისტურად გადმოეცა. 1882 წელს ერთ-ერთ ასეთ დადგმაში, ერთი ვერსიით ნესტან-დარეჯანის ხოლო მეორე ვერსიით თამარ მეფის სახის შესაქმნელად მან მოდელად აგრაფინა ჯაფარიძე აირჩია, სწორედ აქ ნახა პრინცმა პირველად აგრაფინა ჯაფარიძე.

იმ დროის გადმოცემებით, პრინცი აგრაფინათი იმდენად მოიხიბლა, რომ ქალის ოჯახური მდგომარეობა დაივიწყდა და გადაწყვიტა, მისი გულის მოსანადირებლად ყველაფერი ეღონა. ერთ-ერთი ვერსიით, პრინცმა მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა აგრაფინა ჯაფარიძის მეუღლეს ტარიელ დადიანს, რომ მისთვის დაეთმო მეუღლე. აქედან უკვე იწყება მითები და ვარაუდები აგრაფინას განქორწინებაზე - რა უთხრა პრინცმა, აგრაფინას მეუღლე დადიანს, რის ფასად მოხდა გაყრა, მართლაც გადაუხადა თუ არა პრინცმა დადიანს, კომპენსაცია ცოლის სანაცვლოდ, იყო თუ არა აზარტული თამაშები ამ ამბავში ჩართული.

ჭორი, ლეგენდა და სიმართლე

აგრაფინას, ტარიელ დადიანისა და კონსტანტინე ოლდენბურგის სამკუთხედის გარშემო იმდენი ისტორიაა დაგროვილი, რომ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა დღეს თითქმის შეუძლებელია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით, დადიანმა დიდი თანხა წააგო და სანაცვლოდ ცოლთან განშორებაზე დათანხმდა. სხვა გადმოცემები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრინცთან პირდაპირ ფულად გარიგებაზეც საუბრობენ.

რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ აგრაფინა დადიანს გაეყარა და კონსტანტინე ოლდენბურგთან ურთიერთობა დაიწყო. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. დანარჩენი - თანხები, პირობები, სკანდალური შეთავაზებები, ისტორიულად ბოლომდე დამოწმებული არ არის და უფრო იმდროინდელი საზოგადოების წარმოსახვას ჰგავს.

Open photo

კარგარეთელის ქუჩის სასახლეს სწორედ ამ სიყვარულის ისტორია აძლევს თავის მთავარ სიმბოლურ მნიშვნელობას. ნაგებობა, რომელიც თავდაპირველად სხვა მიზნით შენდებოდა, კონსტანტინე ოლდენბურგმა აგრაფინასთვის შეიძინა. ამიტომაც კარგარეთელის ქუჩის ეს შენობა მხოლოდ არქიტექტურული ღირსების გამო არ ამახსოვრდება ქალაქს. იგი პირველ რიგში იმ სიყვარულის გამო დარჩა ცნობიერებაში, რომელმაც საზოგადოება გააოცა.

ვინაიდან აგრაფინა თავად-აზნაურის ოჯახიდან იყო, ხოლო კონსტანტინე ოლდენბურგი რომანოვების დინასტიასთან დაკავშირებულ არისტოკრატიულ წრეს მიეკუთვნებოდა, მათი ქორწინება მარტივი საქმე არ გამოდგა. ასეთ უთანასწორო ქორწინებას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. საბოლოოდ, რუსეთის იმპერატორმა აგრაფინას "გრაფინია ფონ ზარნიკაუს" ტიტული მიანიჭა და ქორწინებას ნებაც დართო.

Open photo

აგრაფინას შემდგომი ცხოვრება - ბრწყინვალებიდან სიღარიბემდე

აგრაფინას ცხოვრების შემდგომი გზა იმაზე ბევრად უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა, ვიდრე მისი ახალგაზრდობის ლეგენდარული დასაწყისი. აგრაფინას და პრინც ოლდენბურგს 6 შვილი შეეძინათ, აგრაფინამ ოლდენბურგს 3 ქალიშვილი ალექსანდრა, ეკატერინე და ნინა და 3 ვაჟი ნიკოლაი, ალექსი და პეტრე გაუჩინა, თუმცა ოლდენბურგის ჰერცოგმა, ანუ აგრაფინას მამამთილმა, რძალსა და შვილიშვილებს ოლდენბურგის გვარის ტარების უფლება არ მისცა. ამიტომ აგრაფინას შვილებმა ფონ ზარნეკაუს გვარი მიიღეს. "ზარნეკაუ" იგივე "ცარნეკაუ" იყო ადგილი ოლდენბურგთა სამფლობელოში. აგრაფინასა და კონსტანტინეს ოჯახურმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. კონსტანტინე ოლდენბურგი 1906 წელს გარდაიცვალა.

 Open photo

მოგვიანებით იმპერიაც დაინგრა, ბოლშევიკურმა რეჟიმმა არისტოკრატიული ყოფა გაანადგურა და გრაფინია სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. ახალმა ხელისუფლებამ ყოფილ არისტოკრატებს და მათ შორის აგრაფინას, ქონება ჩამოართვა. მათ შორის იყო თბილისშიც მდებარე სასახლე, რომელიც ოდესღაც პრინცმა, გრაფინიას სიყვარულის ნიშნად აჩუქა. ნაგებობამ მალევე დაკარგა კერძო რეზიდენციის სტატუსი და სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.

აგრაფინა საბოლოოდ ქუთაისში დაბრუნდა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობდა. ძველი სიმდიდრე და მაღალი საზოგადოებრივი სტატუსი წარსულს ჩაბარდა. იგი 1926 წელს 18 ოქტომბერს, ქუთაისში, წერეთლის #92-ში გარდაიცვალა. მისი საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

ეს ბიოგრაფია განსაკუთრებულ დრამატიზმს სწორედ კონტრასტის გამო იძენს: ქალი, რომლის სახელიც ოდესღაც სასახლეს, პრინცს, ტიტულებსა და ელიტურ ცხოვრებას უკავშირდებოდა, სიცოცხლეს სიღარიბეში ასრულებს. ამგვარად, აგრაფინას ბედი არა მხოლოდ პირადი ტრაგედია, არამედ ამ სოციალური ფენის ისტორიული დაცემის სურათიც ხდება.

სასახლეში დარჩენილი იდუმალება

ძველად ამბობდნენ რომ, თითქოს ღამით სასახლის დერეფნებში ქალის სილუეტს ხედავენ - ლეგენდის მიხედვით, ეს აგრაფინა იყო, რომელიც თითქოს ისევ ამ ადგილს უბრუნდებოდა. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ქალაქური მითი და ლეგენდაა, რომელიც დროთა განმავლობაში შეიქმნა. შესაძლოა ასეთი ამბავიც სწორედ იმისთვის გაჩნდა, რომ აგრაფინასა და პრინც ოლდენბურგის სიყვარულის ისტორია ხალხის მეხსიერებაში არ გამქრალიყო და დავიწყებას არ მისცემოდა.

Open photo

მაგრამ ასეთ ლეგენდებს შემთხვევით ხომ არ იგონებენ? ისინი ჩვეულებრივ იქ ჩნდება, სადაც ისტორია ზედმეტად დრამატულია, შენობა კი ზედმეტად ლამაზი იმისთვის, რომ მხოლოდ ქვისა და აგურის კონსტრუქციად დარჩეს.

როგორ გახდა სასახლე მუზეუმი

სასახლეს ახალი ცხოვრება უკვე საბჭოთა ეპოქაში დაეწყო. 1927 წელს დავით არსენიშვილმა დააარსა მუზეუმი, რომელსაც თავდაპირველად საქართველოს სსრ სათეატრო მუზეუმი ერქვა. მოგვიანებით დაწესებულებამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელიც და შინაარსობრივი აქცენტებიც: თეატრს დაემატა მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია, შემდეგ კი უფრო ფართო კულტურულ-ისტორიული ხედვა.

დღეს იგი საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახელით არის ცნობილი. ეს ტრანსფორმაცია სიმბოლურიცაა: შენობა, რომელიც ერთ დროს პირადი გრძნობების, არისტოკრატიული ყოფისა და ოჯახური ლეგენდების ადგილი იყო, ახლა საზოგადო მეხსიერების საცავად იქცა.

მუზეუმის მნიშვნელობა მარტო იმით არ განისაზღვრება, რომ იგი უნიკალურ კოლექციებს ინახავს. არანაკლებ ღირებულია ის ფაქტიც, რომ თვითონ შენობა უკვე ექსპონატია - მისი კედლები, დარბაზები, დეკორი, კოშკი, ბუხრები, მოხატულობა, კარნიზები და სივრცის შიდა განაწილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

Open photo

დარბაზები, სადაც ისტორია ნივთებად იქცა

სასახლის ინტერიერი დღემდე ატარებს მისი პირველი ეპოქის კვალს. ზამბახების დარბაზი, ოქროსფერი დარბაზი, ლურჯი იადონების ოთახი, გოთური სივრცე, სვეტებიანი დარბაზი, სიყვარულის კოშკი - თითოეულ მათგანს საკუთარი ატმოსფერო აქვს და ერთდროულად ორ ამბავს ჰყვება: სასახლის პირვანდელ ისტორიას და იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მუზეუმმა შემდგომ შეიძინა.

დასასრული

დღეს კარგარეთელის ქუჩაზე მდგომი ეს სასახლე მხოლოდ თავისი გამორჩეული არქიტექტურით არ არის მნიშვნელოვანი. მისი განსაკუთრებულობა იმ ისტორიებშია, რომლებიც მის კედლებში ინახება. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა აქცევს ამ შენობას თბილისის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სიმბოლურ ადგილად.

აგრაფინა ჯაფარიძის ამბავიც სწორედ ამიტომ არ ქრება. იგი მხოლოდ ლამაზი ქალის ბიოგრაფია არ არის. ეს არის ისტორია იმაზე, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გრძნობამ და ერთმა შენობამ საუკუნის შემდეგაც გააგრძელოს საუბარი. და სწორედ ამიტომ, როცა ხელოვნების სასახლის ფასადს უყურებ, იქ მხოლოდ ქვას, თაღებსა და კოშკს არ ხედავ - ხედავ ეპოქას, რომელმაც სიყვარულიც იცოდა, სკანდალიც, სიდიადეც და დავიწყებაც.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები