მიქელანჯელო ბუონაროტი
"მე არ ვქმნი ქანდაკებას, მე უბრალოდ ზედმეტ ქვას ვაშორებ" - ეს მიქელანჯელოს ყველაზე ცნობილი სიტყვებია. ერთადერთი ადამიანის, რომელიც რომის პაპებს საათობით აცდევინებდა. არ პასუხობდა წერილებს. დაკვეთებს დაუმთავრებელს ტოვებდა და მაინც - მას ვერავინ ეხებოდა. ადამიანი, რომლის გარეშე მსოფლიო ხელოვნება სხვანაირი იქნებოდა. მიქელანჯელოს აზრით, ფიგურა უკვე არსებობდა მარმარილოში. სკულპტორის საქმე მხოლოდ გათავისუფლება იყო.
რენესანსის ეპოქაში არსებობდა ერთი პარადოქსი, რომელიც თანამედროვეებსაც აოცებდა: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უპირველესად მოქანდაკედ თვლიდა, ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი გახდა.
ბავშვობა
მიქელანჯელო 1475 წლის 6 მარტს, ტოსკანის პატარა ქალაქ კაპრეზეში დაიბადა. ოჯახის სოციალური სტატუსი მაღალი არ ყოფილა, თუმცა ისინი ძველ არისტოკრატიულ ფესვებს ამაყად უსვამდნენ ხაზს. 6 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მამა კი საკმაოდ მკაცრად ზრდიდა. შვილის სურვილს - გამხდარიყო მოქანდაკე, ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ ეს "მუშათა ხელობა" იყო.
13 წლის ასაკში ის მაინც შევიდა დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში. იქ ფრესკის ტექნიკა შეისწავლა, თუმცა თანატოლებისგან განსხვავებით, უპირატესობას მაინც ქანდაკებას ანიჭებდა. მისი ადრეული რელიეფები "მადონა კიბეზე" და "კენტავრების ბრძოლა" აჩვენებს, რომ მოზარდი უკვე ანტიკურ პლასტიკასა და დრამატულ კომპოზიციას ეუფლებოდა.
"ბახუსი" - მიქელანჯელოს პირველი დიდი სკანდალი რომში
სკულპტურა "ბახუსი"
როდესაც ახალგაზრდა მიქელანჯელო რომში ჩავიდა, მას უკვე ჰქონდა რეპუტაცია ნიჭიერი სკულპტორისა, მაგრამ ჯერ არავინ იცოდა, რომ მალე რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდებოდა. სწორედ ამ დროს მიიღო მან შეკვეთა გავლენიანი კარდინალისგან.
მიქელანჯელოს კარდინალმა რაფაელ რიარიომ სთხოვა ანტიკური ღმერთის - ბახუსის (ღვინის ღმერთი) ქანდაკების შექმნა. კარდინალი კოლექციონერი იყო და მას განსაკუთრებით უყვარდა ანტიკური რომაული და ბერძნული სკულპტურა. ახალგაზრდა ოსტატისგან ელოდა კლასიკურ, მშვიდ და იდეალურად დაბალანსებულ ფიგურას - ისეთივეს, როგორსაც ძველ რომაულ ქანდაკებებში ხედავდა.
მიქელანჯელომ სრულიად განსხვავებული რამ შექმნა. მისი ბახუსი არის არა დიდებული ღმერთი, არამედ აშკარად მთვრალი ფიგურა. ქანდაკებაში ჩანს: ოდნავ დაბარბაცებული პოზა, სხეულის არასტაბილური ბალანსი, ნახევრად მოდუნებული გამომეტყველება, გვერდით პატარა სატირი, რომელიც ყურძენს იპარავს. მთელი კომპოზიცია ისე გამოიყურება, თითქოს ღმერთი წამებში შეიძლება წაიქცეს.
ეს რენესანსის ეპოქისთვის ძალიან უჩვეულო იყო - ღმერთები ჩვეულებრივ იდეალურ და მშვიდ ფიგურებად გამოისახებოდნენ. როდესაც ქანდაკება დასრულდა, კარდინალ რიარიოს ის საერთოდ არ მოეწონა. საბოლოოდ კარდინალმა ნამუშევარზე უარი თქვა.
ამ დროს სცენაზე გამოჩნდა რომის მდიდარი ბანკირი ჯაკოპო გალი - ხელოვნების დიდი მოყვარული. მას "ბახუსი" იმდენად მოეწონა, რომ ქანდაკება თავის ბაღში დააყენა, სადაც ანტიკური ქანდაკებების კოლექცია ჰქონდა.
სწორედ ჯაკოპო გალი გახდა შემდეგ მიქელანჯელოს პირველი ძლიერი მხარდამჭერი რომში, ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა ოსტატი რომის ელიტას გააცნო.
დღეს ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ამ ქანდაკებაში უკვე ჩანს მიქელანჯელოს მთავარი თვისება: იდეალური ფორმის ნაცვლად - ცოცხალი ადამიანის შექმნა.
"პიეტა"
მიქელანჯელოს ნამდვილი ტრიუმფი გახდა "პიეტა" (1499). მას თითქმის არცერთ ნამუშევარზე ხელმოწერა არ აქვს. მაგრამ "პიეტაზე" გამონაკლისი გააკეთა. ლეგენდის მიხედვით, როდესაც ქანდაკება რომში გამოიფინა, დამთვალიერებლები ფიქრობდნენ, რომ იგი სხვა ოსტატს – მილანელ სკულპტორ Cristoforo Solari-ს ეკუთვნოდა. ახალგაზრდა მიქელანჯელო მაშინ მხოლოდ 24 წლის იყო და ძალიან გააღიზიანა, რომ ავტორობა სხვას მიაწერეს. იმავე ღამეს იგი სან პიეტროს ბაზილიკაში დაბრუნდა და ღვთისმშობლის გულზე გადაჭიმულ სარტყელზე ამოკვეთა წარწერა: MICHAELANGELUS BONAROTUS FLORENTINUS FACIEBAT ("ეს შექმნა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ").
მოგვიანებით თვითონ ამბობდა, რომ ემოციამ სძლია და ნანობდა, რომ ხელი მოაწერა. ამიტომ, ამის შემდეგ არცერთ ნამუშევარზე აღარასოდეს დაუწერია თავისი სახელი.
რატომ არის მარიამი ასე ახალგაზრდა
"პიეტაში" ღვთისმშობელი საოცრად ახალგაზრდად გამოიყურება, თითქმის იმავე ასაკის, როგორც ქრისტე.
როდესაც ამის შესახებ ჰკითხეს, მიქელანჯელომ ახსნა: სიწმინდე არ ბერდება. მისი აზრით, ღვთისმშობლის სულიერი სიწმინდე უნდა გამოხატულიყო მარადიული ახალგაზრდობით. ეს იყო რენესანსის იდეა – სილამაზე, როგორც სულიერი სრულყოფის ნიშანი.
ფიზიკურად შეუძლებელი კომპოზიცია
თუ ყურადღებით დააკვირდებით, მარიამის სხეული ანატომიურად ძალიან დიდია ქრისტესთან შედარებით. ეს შემთხვევითი არ არის. თუ მარიამი რეალური პროპორციით იქნებოდა გამოსახული, ზრდასრული მამაკაცის სხეულს ვერ დაიჭერდა კალთაში. ამიტომ, მიქელანჯელომ კომპოზიცია პირამიდის ფორმით გააკეთა - ქვედა ნაწილი ფართოა, ზემოთ კი ვიწროვდება. ეს ვიზუალურად ქმნის იდეალურ ჰარმონიას და მაყურებელი პროპორციების პრობლემას თითქმის ვერ ამჩნევს.
მარმარილოს საოცარი დამუშავება
"პიეტა" ერთ-ერთი ყველაზე დელიკატურად დამუშავებული მარმარილოს სკულპტურაა ისტორიაში.
მიქელანჯელომ ქვა ისე გააპრიალა, რომ მარმარილო კანის მსგავსად რბილად გამოიყურება, ქსოვილის ნაკეცები თითქმის ნამდვილი ქსოვილის ეფექტს ქმნის. ეს ეფექტი კვირებისა და თვეების განმავლობაში, ხელით გაპრიალებით, სპეციალური ქვებით და ფხვნილებით მიიღწეოდა.
სკულპტურა, რომელიც ერთხელ გაანადგურეს
1972 წელს "პიეტა" თითქმის განადგურდა. უნგრელი წარმოშობის ავსტრალიელი კაცი Laszlo Toth ბაზილიკაში შევარდა და ქანდაკებას ჩაქუჩით დაესხა თავს.
ის ყვიროდა: "მე ვარ იესო ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი!" დარტყმების შედეგად: მარიამის ცხვირი მოტყდა, ხელის ნაწილი დაზიანდა, რამდენიმე დიდი ფრაგმენტი ჩამოვარდა. რესტავრატორებმა სკულპტურა მილიმეტრობით აღადგინეს. დღეს "პიეტა" დაცულია სქელი ტყვიაგაუმტარი მინით.
ყველაზე სრულყოფილი ახალგაზრდა ოსტატის ნამუშევარი
მიქელანჯელომ "პიეტა" 1498–1499 წლებში შექმნა. ის მაშინ მხოლოდ 24 წლის იყო. ხელოვნებათმცოდნეები ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე სრულყოფილი სკულპტურა, რაც ოდესმე ასეთ ახალგაზრდა ოსტატს შეუქმნია.
"დავითი"
1460-იან წლებში ფლორენციამ კარარადან უზარმაზარი მარმარილოს ბლოკი ჩამოიტანა. ქვა უნდა გადაქცეულიყო ძველი აღთქმის ერთ-ერთ გმირად, რომელიც ფლორენციის საკათედრო ტაძრის კონტრფორსზე დაიდგმებოდა. მაგრამ, მარმარილო დაბზარული იყო და ფორმა ვიწრო - ორი სკულპტორი შეეცადა მუშაობას, თუმცა ამაოდ.
ქვა დაახლოებით 40 წელი ეგდო ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ. ფლორენციელები მას უკვე "გაფუჭებულ მარმარილოს" ეძახდნენ. სწორედ ამ ქვას მიქელანჯელო 26 წლის ასაკში მიუბრუნდა.
ხელოვნებაში "დავითს" ჩვეულებრივ გოლიათის დამარცხების შემდეგ გამოსახავდნენ - გამარჯვებულ გმირად. მიქელანჯელომ სრულიად განსხვავებული მომენტი აირჩია - დაძაბული, კონცენტრირებული, ბრძოლის წინ მდგომი. ეს იყო რენესანსის იდეალი - ადამიანის ძალა და გონება საფრთხის წინაშე. თუ ყურადღებით დააკვირდებით, "დავითს" ხელები და თავი შედარებით დიდი აქვს. ეს შეცდომა არ არის.
ქანდაკება თავდაპირველად ფლორენციის ტაძრის მაღალ კონტრფორსზე უნდა დაედგათ. ქვემოდან რომ შეხედავდნენ, პროპორციები იდეალურად გამოჩნდებოდა. როდესაც ქანდაკება მიწაზე დადგეს, ეს დეტალი უფრო შესამჩნევი გახდა.
ფლორენციის პოლიტიკური სიმბოლო
"დავითი" მალე გახდა არა მხოლოდ ბიბლიური გმირი, არამედ ფლორენციის რესპუბლიკის სიმბოლო. ფლორენცია პატარა რესპუბლიკა იყო, რომელსაც ძლევამოსილი სახელმწიფოები ხშირად ემუქრებოდნენ.
დავითის იდეა იყო: პატარა, მაგრამ გონიერი გმირი, რომელიც ძლიერ მტერს უპირისპირდება. ამიტომ, 1504 წელს გადაწყდა, რომ ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე - Palazzo Vecchio-ს წინ დაედგათ.
ქანდაკების გადატანა ნამდვილი ოპერაცია იყო - წონა: დაახლოებით 6 ტონა, სიმაღლე: 5,17 მ მისი ტაძრიდან მოედანზე გადატანას 4 დღე დასჭირდა. ქანდაკება სპეციალურ ხის კონსტრუქციაზე იდგა და 40-ზე მეტი ადამიანი ნელა გადააადგილებდა.
ქანდაკება ერთხელ თითქმის განადგურდა
1527 წელს ფლორენციაში აჯანყება მოხდა. ქალაქში ბრძოლების დროს ქვის სკამი ფანჯრიდან ჩამოვარდა და დავითის ქანდაკებას მოხვდა, რის გამოც მისი მარცხენა ხელი სამ ნაწილად დაიმსხვრა. ფრაგმენტები შეაგროვეს და მოგვიანებით აღადგინეს.
დღეს მიქელანჯელოს "დავითის" ორ ვერსიას შეხვდებით. ქანდაკების ორიგინალი ინახება ფლორენციაში, აკადემიის გალერეაში (Galleria dell’Accademia), სადაც იგი სპეციალურად შექმნილ სივრცეშია დაცული. თავდაპირველად ნამუშევარი ქალაქის მთავარ მოედანზე, Palazzo Vecchio-ს წინ იდგა, თუმცა XIX საუკუნეში გადაწყდა მისი გადატანა დახურულ სივრცეში. ამის მიზეზი იყო გარემოს ზემოქმედება: ატმოსფერული ნალექი, მჟავა წვიმა და ქალაქის ჰაერის დაბინძურება მარმარილოს ზედაპირს თანდათან აზიანებდა. სწორედ ამიტომ 1873 წელს ქანდაკება მუზეუმში გადაიტანეს, ხოლო მოედანზე, ისტორიული მდებარეობის შესანარჩუნებლად, მისი ზუსტი ასლი განათავსეს.
ხელოვნებათმცოდნეები ხშირად ამბობენ, რომ "დავითი"არის რენესანსის ადამიანის იდეალური სახე - ძლიერი სხეული, მაგრამ ყველაზე ძლიერი გონება.
პაპები, კონფლიქტები და სიქსტის კაპელა
1505 წელს პაპმა იულიუს II-მ მიქელანჯელოს გრანდიოზული აკლდამის პროექტი შეუკვეთა - დაახლოებით 40 ქანდაკებით. ხელოვანი კარარას კარიერებში თვეობით არჩევდა მარმარილოს, მაგრამ პროექტი მოულოდნელად შეჩერდა.
როგორც ჩანს, პაპის არქიტექტორმა დონატო ბრამანტემ და მისმა მეგობარმა რაფაელმა იულიუს II დაარწმუნეს, რომ არ ღირდა აკლდამა სიცოცხლეშივე აეგო და უზარმაზარი ბაზილიკის პროექტი წარუდგინეს, რომელიც ქრისტეს ეკლესიის ძლევამოსილებისა და დიდების მსოფლიო სიმბოლო იქნებოდა. მართლაც, რომის პაპმა თვის სახელის უკვდავსაყოფად არა აკლდამის აშენება, არამედ მონუმენტური ტაძრის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. მიქელანჯელო სამუშაოს გასაგრძელებლად საჭირო თანხისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩა. მიქელანჯელო თავს მოტყუებულად გრძნობდა და რომიდან წავიდა - ეს იყო მისი ხანგრძლივი დაპირისპირების დასაწყისი ეკლესიის ხელმძღვანელობასთან.
მიუხედავად ამისა, სწორედ იულიუს II-მ აიძულა იგი შეესრულებინა სამუშაო, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ფერწერულ ციკლად იქცა: სიქსტის კაპელის ჭერის მოხატვა (1508–1512).
მიქელანჯელო საკუთარ თავს მხატვრად არ მიიჩნევდა და თავიდან უარს ამბობდა. ბოლოს სამუშაო თითქმის მარტო შეასრულა. უცხოურ წყაროებში აღწერილია, რომ იგი ხშირად წერდა მეგობრებს: კისერი გამრუდებული მაქვს, საღებავი თვალებში ჩამდისო.
1537–1541 წლებში იმავე სივრცეში შეიქმნა "განკითხვის დღე". ზოგი კარდინალი ფიგურების სიშიშვლეს აკრიტიკებდა. პაპის ბრძანებით ნაწილს მოგვიანებით სამოსი დაემატა.
უკანასკნელი წლები და გარდაცვალება
1564 წლის თებერვალში, თითქმის 89 წლის ასაკში, მიქელანჯელო რომში გარდაიცვალა. იგი ბოლო დღემდე მუშაობდა - დაუმთავრებელი დარჩა ქანდაკება "რონდანინის პიეტა", რომელიც თითქოს სიბერისა და სულიერი განთავისუფლების სიმბოლოა. ანდერძში მან დაწერა, რომ "სული ღმერთს ეკუთვნის, სხეული მიწას, ქონება ოჯახს". მისი სხეული ფლორენციაში გადაასვენეს და სანტა კროჩეს ბაზილიკაში დაკრძალეს. გარდაცვალების წინ მან მრავალი ესკიზი დაწვა.
მიქელანჯელოს განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მან ადამიანის სხეული და სული ერთიან, ძლიერ და ემოციურ სახედ აქცია. მისი ქანდაკებები თითქოს მართლაც ქვისგან თავისუფლდებიან, თითქოს ფიგურა შიგნით იყო და მან უბრალოდ გაათავისუფლა. მათში იგრძნობა ტკივილიც, დაძაბულობაც და სილამაზეც ერთდროულად. სწორედ ამიტომ რენესანსის ეპოქამ მას Il Divino - "ღვთაებრივი" უწოდა.