07 აგვისტო 2026,   05:09
ვრცლად
არსებობს თუ არა საკმარისი ადამიანური რესურსი სოციალურად დაუცველთა ბაზის მსხვილმასშტაბიანი გადამოწმებისთვის - მიხეილ სარჯველაძის განმარტება

"რა თქმა უნდა, ახლა მეტად იქნება დატვირთული სოციალური მომსახურების სააგენტო, რადგან გადამოწმების მსხვილმასშტაბიანი ეტაპი იწყება. რამდენად საკმარისია ადამიანური რესურსი, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოს შეეჭიდონ და რაც შეიძლება უფრო ეფექტურად იმუშაონ?" - ეს კითხვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს "რუსთავის 2"-ის გადაცემა "დებატებში" დაუსვა.

პასუხად მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზის გადამოწმებისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს, სამინისტრო კი სოციალური აგენტების მოტივაციის გასაზრდელად ხელფასების მომატების საკითხზე მუშაობს.

"საამისოდ აუცილებელი ყველა წინაპირობა მომზადებულია. რეალურად, ეს ხალხი მზადაა იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან, რთულ ამოცანას თავი გაართვან და რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე აჩვენონ, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს მონაცემებზე თვალ-ყურის დევნება და იმის მიხედვით, როგორი იქნება პროგრესი, - მხარდაჭერა. ვფიქრობთ, მოტივაციის მიზნით, ფინანსური შესაძლებლობების მობილიზებას იმისთვის, რომ თანამშრომლებისთვის იყოს რაც შეიძლება მაღალი ეს მოტივაცია.

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თვითონ საჯარო მოხელეების კვალიფიკაციაზე, მონდომებაზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე წლის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნა შეტანილი, როდესაც ოჯახების შეფასებისას სუბიექტური ფაქტორი, პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი, სრულიად ობიექტურად და ზუსტად გაზომვადი კრიტერიუმები იქნა შემოღებული, რომლის მეშვეობითაც დიდი საპასუხისმგებლო წნეხისგან გათავისუფლდნენ ის მოხელეები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ. სოციალური აგენტების ხელფასი შარშან გაიზარდა, რაც შეეხება მომდევნო პერიოდში [მათი ხელფასის მატებას] - ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ვაპირებთ, რომ ამაზე ვიმუშაოთ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები