დადგენილებას, რომლის მიხედვითაც "შრომითი მიგრაციის კანონში" ცვლილებები შედის, პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. საუბარია ახალ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება არ აქვს, პირველი მარტიდან, კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად მუშაობა ეკრძალება. სფეროში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი მათზე პოზიტიურად აისახება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენასთან ერთად ანაზღაურების ზრდაზეც უნდა აისახოს.
არაქართულენოვანი მოქალაქეების დასაქმება მომსახურების სექტორში დისკომფორტს უქმნიდა მომხმარებლებსაც - ამის შესახებ დღეს მოქალაქეები ღიად საუბრობენ. მათი თქმით, რეგულაცია და კვოტები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების შანსებს გაზრდის, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით დადებითი მოვლენაა.
მოქალაქეების ინტერესების დაცვა და სტიმული დასაქმებისთვის - ასეთია დადგენილების მიზანი, რომელზეც პრემიერმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ცვლილებებმა შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა დაიცვას, პარალელურად კი, მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.
მთავრობის დადგენილებას ვერც ოპოზიცია აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები კვოტებისა და რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ფიქრობენ, რომ მთავრობას ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო.
მიგრაციის კანონში ცვლილებებსა და მისი აღსრულების გზებზე იმსჯელეს დღეს ჯანდაცვის სამინისტროშიც. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება კანონმდებლობის დახვეწის მიზნით კოორდინირებული მუშაობისთვის მზადაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერის განკარგულება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. არსებული კვოტები ადგილობრივების დასაქმების პარალელურად იმ სფეროებში, სადაც დეფიციტია, უცხოელების დასაქმებასაც გულისხმობს - მიზანი კი მათი დახმარებით კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
დადგენილების აღსრულებას მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები გაუწევენ. უწყებაში განმარტავენ, რომ უკანონო მიგრაცია და დასაქმება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, რომელთან ბრძოლაც საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია.
მთავრობის 20 თებერვლის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა. ცვლილებების შედეგად საკურიერო მომსახურებაზე, ტურისტებისთვის გიდის სერვისზე და მგზავრების გადაყვანაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ დასაქმდებიან. გარკვეულ სექტორებში კი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სპეციალური კვოტები განისაზღვრება.