მორატორიუმი დასრულებულია, სახელმწიფო სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებას იწყებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის შემდეგ სიღარიბის მაჩვენებელი 21,3 პროცენტიდან 9,4 პროცენტამდე შემცირდა, ბაზების მონიტორინგი აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი პოლიტიკურად მტკივნეული იქნება, მთავრობის მეთაურის შეფასებით, სპეკულაციების საშუალება არავის უნდა მიეცეს.
მონიტორინგის დროს პირველ რიგში ის ოჯახები გადამოწმდებიან, ვისზეც ეჭვია, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსს ვერ აკმაყოფილებენ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქტიური მონიტორინგის მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრაა. სამთავრობო გუნდთან ერთად პროცესში ჩართული იქნება პარლამენტიც. ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატების ნაწილს უკვე შეხვდა. საპარლამენტო გუნდის შეფასებით, დაგეგმილმა ღონისძიებებმა სოციალურად დაუცველთა ბაზის ადეკვატურობა უნდა უზრუნველყოს. მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, მთავრობის ინტერესი სოციალური შემწეობისთვის განკუთვნილი რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაა.
სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმების ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აღიქვამს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მონიტორინგი აუცილებელია. ეს საკითხი დღეს საჯარო დებატების მთავარი თემაც იქნება. სოციალური დახმარების პოლიტიკაზე და სიღარიბის შემცირებაზე "რუსთავი 2-ის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ექსპერტები და ოპოზიცია იმსჯელებს.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ის, რაც მთავრობის მიერ დაანონსდა, პირველ რიგში სოციალური სამართლიანობის პრინციპს მოემსახურება.
უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც საბოლოო დეტალები დაზუსტდება და შეჯერდება, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის პროცესს დაიწყებს.