07 აგვისტო 2026,   08:54
ვრცლად
"ამოსავალი წერტილია, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი, კონკურენტული გარემო შექმნას სახელმწიფომ იმისთვის, რომ შიდა წარმოებაც წაახალისოს და ფასებიც ბევრად ხელმისაწვდომი იყოს" - ლევან მახაშვილი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისია მუშაობას განაგრძობს. მომდევნო კვირას პარლამენტში კომისიის წევრები სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ. კანონმდებლები იმ მიზეზებს განიხილავენ, რაც პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს.

"დისკუსიები გრძელდება, რათა არსებითად ყველა კომპონენტი იყოს შესწავლილი, ყველა საკითხი და პრობლემა იყოს გამოკვეთილი, მაგრამ მთავარი მიზნით, რომ თითოეულ ამ პრობლემაზე სახელმწიფომ საზოგადოებას შესთავაზოს კონკრეტული გამოსავალი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ფასები იყოს ხელმისაწვდომი და არა ხელოვნურად გაბერილი. ამოსავალი წერტილია, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი, კონკურენტული გარემო შექმნას სახელმწიფომ იმისთვის, რომ შიდა წარმოებაც წაახალისოს, ფასებიც ბევრად ხელმისაწვდომი და ნორმალური იყოს, ვიდრე დღეს არის და, რაც მთავარია, არც ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

გასულ კვირას, კომისიის წევრებმა ფასების საკითხზე ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის მწარმოებლებთან ერთად იმსჯელეს. დაისვა კონკრეტული შეკითხვები, ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც მათ ფასების რეგულირების პროცესში აქვთ.

 

დღის ამბები