12 აგვისტო 2026,   16:29
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხსა და ქვეყანას - კითხვა რომ დაუსვა, შეიცხადებენ და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ

ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. პოლიტიკური შემოწირულობები უკიდეურესად ეზღუდებათ უცხოელ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს.

ცვლილება მოიცავს კომპანიების მხრიდან შემოწირულობების გაცემის გამკაცრებულ წესებს, ახალ მითითებებს და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის.

ახალი რეგულაციების აუცილებლობას ოფიციალური ლონდონი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით ხსნის. "უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ საკუთარი ფინანსები და ჩაერიონ გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური რეფორმა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც "ხალხის წარმომადგენლობის შესახებ" კანონპროექტის ფარგლებში ხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხსა და ქვეყანას.

"ბავშვმაც კი იცის, რომ "ტაბულა" პარტიული კედლის გაზეთია. ეს არ არის აფილირებული მედია და ა.შ. ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა, რადიკალების პარტიული კედლის გაზეთი დაეფინანსებინა. დღეს ბრიტანეთისგან ვიგებთ, რომ ჩვენ ბრიტანეთში იმავე, რომ განვახორციელოთ, სასტიკად დაგვსიჯდნენ. ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, ხალხს, ქვეყანას. წარმოუდგენიათ, რომ ეს ყველაფერი მათთან არ უნდა მოხდეს, არავინ უნდა ჩაერიოს, ბრიტანეთმა უნდა გადაწყვიტოს და თურმე, ქართველებს არ გვაქვს უფლება, ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. არ შეიძლება, ჩვენგან. რაიმე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბრიტანეთში პოლიტიკური აქტივობა? ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ წუნი? პირიქით, ხარები ვგონივართ. თურმე, აქ ფული უნდა ხარჯონ და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. მთელი უტიფრობა ისაა, ერთია ფულს რომ ხარჯავენ, მაგრამ არათუ შენიშვნა, კითხვა რომ დაუსვა, შეიცხადებენ და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, როგორც გუშინ, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, როგორ თუ კითხვებს სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავენ ფულს. როგორ თუ, ქართველი ხალხი იშმუშნება და კითხულობს, რაში იხარჯება დანიელების ფული. დანიამ რა იცის საერთოდ, იციან ვინ ვართ? დანიის მოსახლეობამ რუკა რომ აიღოს, საერთოდ გაიგებს, სადაა საქართველო?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს იმ ფარისევლობას აჩვენებს, რომელიც ყოველთვის კარგად იფუთებოდა, მაგრამ დღეს ვერ იფუთება და ბევრჯერ ვამხილეთ.

"ჩვენი მთავარი იარაღია მართალი სიტყვა. ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, რომ გაგვაჩუმონ. მთავარი მიზანია, როგორმე გაგვაჩუმონ. როცა ვიტყვით ხოლმე, სიტყვას დაიჭერენ და ეს საკითხები სკდება, როგორც USAID-ს სკანდალი გასკდა, სხვა საკითხებიც ნაღმივით აუფეთქდათ ხელში. რა ვქნათ, ერთი პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ბირთვული შეიარაღება და ეკონომიკური ბერკეტები სხვაზე ზემოქმედების მიზნით. აღმოჩნდა, რომ ქართული სიტყვა უფრო ძლიერია სხვა ბერკეტებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები