"არა მარტო პიროვნული სისულელე ჩაიდინა ამ განცხადებით, - მართალიც რომ ყოფილიყო, არ უნდა თქმულიყო და მითუმეტეს ასეთი ტყუილი ადამიანისგან, რომელიც ძალიან შორს იყო საომარი მოქმედებებიდან, ძალიან მიუღებელია," - ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ომის ვეტერანი, გიორგი გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახვრეტის შესახებ.
მისივე განცხადებით, ბარამიძემ ამით ზიანი საქართველოს ინტერესებს მიაყენა.
"ბარამიძის ისეთი ენა აქვს, მაგის ენას ძვალი მითუმეტეს არა და შეიძლება თქვას, რომ მშვიდობიან მოსახლეობასაც ვხვრეტდით. შესაბამისად, ეს იმ საზიზღრობების გამართლებაა, რაც ჩაიდინა მეორე მხარემ. დახვრიტეს ტყვეები და მერე, ჩვენ როცა ჩავიგდეთ ხელში, ჩვენც ასე მოვიქეცითო.
ვინაიდან ეს სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება, ამ თავისი განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, ისედაც დამარხული იყო, მაგრამ საქართველოს ინტერესები დააზიანა," - აცხადებს გიორგი გელოვანი.