06 აგვისტო 2026,   17:40
ვრცლად
სასურსათო პროდუქციის ფასებით, საპარლამენტო კომისიის პარალელურად, საერთაშორისო კომპანიაც დაინტერესდება - ინიციატივას დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს

დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად, კვერცხის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, საპარლამენტო კომისიის წევრებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, იმ ფაქტორებზე, რაც ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასს განსაზღვრავს.

ე.წ. ქეშბექი - ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბაზარზე ხორცპროდუქტების ფასსაც. კომისიის სხდომაზე ხორცპროდუქტების მწარმოებლებმა, ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და იმ სხვაობაზე ისაუბრეს, რომლის გადახდაც მომხმარებლებს, პროდუქციის დამზადებიდან დახლამდე მიტანაში უწევთ.

ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე რძის კომპანიის წარმომადგენლებსაც მოუსმინეს. რძეზე ფასების შემცირების შესაძლებლობასთან ერთად, დეპუტატები ვადაგასული პროდუქციის უტილიზაციის საკითხითაც დაინტერესდნენ.

ხუთი პრობლემა, რაც სასურსათო ფასების გაძვირებას იწვევს. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი დისკუსია შეაჯამა. შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, პრობლემების იდენტიფიცირება ამ პრობლემების შემსწავლელ გუნდს, სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება, რაც თავის მხრივ ეფექტური მექანიზმების დანერგვას შეუწყობს ხელს.

სასურსათო პროდუქციის ფასებით, საპარლამენტო კომისიის პარალელურად, საერთაშორისო კომპანიაც დაინტერესდება. ინიციატივას დეპუტატებმა უკვე დაუჭირეს მხარი. ტენდერის მეშვეობით შერჩეული კომპანია, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორს, ბიზნესპროცესებს და არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. საქართველოს ბაზარს შეადარებს სხვა ქვეყნების ბაზრის სტრუქტურას და საკუთარ რეკომენდაციებსაც გასცემს.

დღის ამბები