16 აგვისტო 2026,   16:06
ვრცლად
რა მიზანი აქვს ევროკავშირს საკუთარი მიდგომებით და კანონმდებლობით - პასუხი 160 გვერდიან დოკუმენტშია, რომლითაც აშშ ბრიუსელს ცენზურაში ამხელს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ერთი მიზეზით შეიკრიბა - ესაუბრათ ევროკავშირში არსებულ იმ მიდგომებზე, რომელიც ევროპული ცენზურის გამო ამერიკელების უფლებებს საფრთხეს უქმნის. მოსმენაზე განმარტეს ისიც თუ როგორ ესხმის თავს ევროპული რეგულაციები ამერიკულ კომპანიებს და ზიანს აყენებს ინოვაციებს. სტუმრის რანგში მიწვეულმა ყოფილმა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა საკუთარი გამოცდილება კომიტეტის წევრებსაც გაუზიარეს. თქვეს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტრანსგენდერული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტები გახდნენ.

როგორ ესმის სიტყვის თავისუფლება ბრიუსელს?! კითხვები ზოგიერთ ევროპარლამენტარსაც აქვს. ერთ-ერთი ასეთი ტომ ვანდედრიშია. ბელგიელმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც ევროკომისიის ცენზორები სოციალურ პლატფორმებზე ახორციელებენ.

სწორედ ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში, ცნობილმა პლატფორმამ, TikTok-მა სიძულვილის ენად მონათლა ისეთი ტერმინები, როგორიცაა მაგალითად "მხოლოდ ორი სქესი" არსებობს.

რა მიზანი აქვს ევროკავშირს საკუთარი მიდგომებით და კანონმდებლობით - პასუხი 160 გვერდიან დოკუმენტშია, რომლითაც აშშ ბრიუსელს ცენზურაში ამხელს. ირკვევა, რომ ბოლო წლებში ევროკომისია იყენებდა ყველა ინსტრუმენტს, რომ ზეწოლა მოეხდინა სოციალურ მედიაზე. მიზანში იღებდა როგორც პოლიტიკურ, ისე კონსერვატიულ კონტენტს. შედეგად, მსხვილმა პლატფორმებმა მიზანმიმართულად დაამახინჯეს ინფორმაცია, პანდემიის, პოლიტიკური დებატებისა, თუ სექსუალური უმცირესობების თემებზე.

ევროსტრუქტურების ქმედებები არ უკვირს თბილისს. საპარლამენტო ჯგუფებში დღეს არცთუ ისე შორეული პოლიტიკური წარსული გაიხსენეს და თქვეს, რომ კონკრეტული ორგანიზაციები ბრიუსელის მითითებით ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებენ საქართველოში. სხვადასხვა ხერხებით ახდენენ თავისუფალი საზოგადოებრივი აზრის ცენზურას და სოცმედიას აიძულებდნენ, რომ რეალური ამბები დეზინფორმაციად წარმოეჩინათ. ამ პროცესში კი ქართველ ფაქტჩეკერებს იყენებდნენ.

ბრიუსელის ცენზურაში პრობლემას ვერ ხედავს ქართული ოპოზიცია, მმართველი გუნდის ოპონენტებს სჯერათ, რომ გადაწყვეტილებები ევროსტრუქტურებში დემოკრატიული გზით მიიღება.

წარმომადგენლობითი პალატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი კიდევ ერთი დადასტურებაა მმართველი გუნდისთვის, რომ ევროსტრუქტურებში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცული არ არის. "ქართული ოცნება" ბრიუსელის გაცხადებულ მიზანზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროგაერთიანება კვლავ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევითაა დაკავებული.

ბრიუსელის ცენზურა მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკის დისკრედიტაციაც და უსამართლო შეფასებებიც, რომელიც ევროსტრუქტურებიდან ისმის, უსაფუძვლოა.

აშშ წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტი უცხოური ცენზორის კანონებსა და რეგულაციებზე, რომელიც ამერიკელების ფუნდამენტურ უფლებებს ეწინააღმდეგება, მოკვლევას განაგრძობს.

დღის ამბები