2026 წელი. 2 თებერვალი. დილაა… ზუსტად 08:30 წუთი… ზამთარია და ცივა. მზემ ცოტა ხნის წინ დაიწყო ამოსვლა, თუმცა მაინც ბნელა… ვაჟა-ფშაველას მეტროსკენ მივდივარ. ქალაქი უკვე ახმაურებულია, ძირითადად სკოლაში და უნივერსიტეტში მიმავალი მოსწავლეებით და სტუდენტებით… ყველას ეჩქარება, მეჩქარება მეც, 09:00 საათზე უნდა ვიყო დანიშნულების ადგილზე, ამიტომ მეტროს ვირჩევ. ვიცი, რომ სადგურიდან სადგურამდე 2 წუთი მჭირდება, ესკალატორზე 4 წუთი. ამიტომ დრო ზუსტად მაქვს გათვლილი.
ზოგადად, დიდ ქალაქებში, ტრანსპორტი მხოლოდ გადაადგილების ტექნიკური საშუალება არ არის. იგი ქალაქის იდენტობასაც გამოხატავს.
(ფოტო: თბილისის მეტროსადგური)
თბილისის ურბანული განვითარება, როგორც ისტორიული ისე თანამედროვე პროცესები, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქის სატრანსპორტო სისტემასთან, განსაკუთრებით კი მეტროსთან. ამ კონტექსტში თბილისის მეტრო შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ინფრასტრუქტურული ქსელი, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეთა გადაადგილებას უზრუნველყოფს, არამედ ნამდვილად გამოხატავს ქალაქის იდენტობას, აგერ უკვე 60 წელია… თბილისის მეტრო 60 წლის გახდა და დღეს მინდა 1950-60 იან წლებში ვიმოგზაუროთ და გავიხსენოთ როგორ შეცვალა “კონკა” მეტრომ და როგორ განვითარდა დედაქალაქის ტრანსპორტი წლების განმავლობაში…
დავიწყოთ 1940 იანი წლებიდან, სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა თბილისში აშენებულიყო მეტროპოლიტენი…
(ფოტო: კანდიდ ჩარკვიანი - ცეკას პირველი მდივანი)
იდეის ავტორი, ცეკას მდივანი - კანდიდ ჩარკვიანი გახლდათ.. თუმცა, მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მეტროს მშენებლობას.
მეტროპოლიტენს მხოლოდ მილიონიანი მაცხოვრებლის მქონე ქალაქები აშენებდნენ. თბილისში კი მაშინ დაახლოებით 600 000 ადამიანი ცხოვრობდა. ამიტომ, კანდიდ ჩარკვიანმა მეტროს მშენებლობაზე თანხმობა, ბერიას გვერდის ავლით, უშუალოდ სტალინისაგან მოიპოვა. და აი ასე, 1951 წელს მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე.
გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა რეალურად საკმაოდ ძვირადღირებული და ურთულესი პროექტი იყო ასეთი რელიეფის პირობებში მიწის ქვეშ, მრავალკილომეტრიანი გვირაბების გაჭრა და მეტროს გაყვანა…
(ფოტო: თბილისის მეტროპოლიტენი)
1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა. სპეციალისტებს როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაჰყავდათ კილომეტრიანი გვირაბები.
გვირაბების გაყვანა ურთულეს პირობებში ხორციელდებოდა. თბილისის გეოლოგიური მდგომარეობა გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. ქალაქის რელიეფი არაერთგვაროვანია - მეწყრული ზონები, მღვიმეები და მიწისქვეშა წყლები ართულებდა გვირაბების გაყვანას.
იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოულოდნელად წყლის ჩამოვარდნა, მდინარე მტკვრის კალაპოტს კეტავდნენ და ბეტონით იფარებოდა. მიწისქვეშა ქანებიდან ჟონავდა წყალი, რომელიც მდინარეებად მიედინებოდა გვირაბებში.
(ფოტო: თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა)
თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა ამითაც იყო განსაკუთრებული რომ მდინარის ქვეშ უნდა ემოშავათ სპეციასლიტებს. და აი ასე, დღეს თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის. კერძოდ, მარჯანიშვილი-რუსთაველი, თავისუფლების მოედანი-ავლაბარი, სადგურის მოედანი-წერეთელი. მტკვრის ფსკერი კი 2 მეტრიანი ბეტონით არის დაფარული…
სხვათა შორის, ყველაზე რთული ობიექტი აღმოჩნდა თავისუფლების მოედნის სადგურის მშენებლობა, მცურავ ქანებში სპეციალისტებს მოუწიათ ეგრეთ წოდებული გაყინვის მეთოდით მუშაობა... თუმცა, ეს მოგვიანებით, მანამდე კი მეტროს 6 სადგური იყო, რომელზეც მუშაობდნენ…
ერთ-ერთი იყო მარჯანიშვილის სადგური… და სხვათა შორის ბევრმა არ იცის, რომ ვიდრე აქ მეტროსადგური გაკეთდებოდა, აქ იყო თავშესაფარი, რომელსაც 3 მეტრიანი სისქის რკინა ბეტონი ფარავდა და ყველა საჭირო პუნქტით იყო აღჭურვილი…
სხვათა შორის, გვირაბთმშენებლობის ისტორიაში აქ, თბილისში პირველად გამოიყენეს გვირაბმთხრელი მანქანა... რომელიც ქანს ანგრევს, თვითონვე წმენდს და აბეტონებს გვირაბს.
მოკლედ, რამდენიმეწლიანი ურთულესი სამუშაოების შემდეგ თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა… და მალევე უწოდეს ამ პროექტს ტექნოლოგიური საოცრება… მეტრო რუსთაველი 4 სადგურით უკავშირდებოდა დიდუბის სადგურს, სიგრძე კი იყო 6,5 კილომეტრი.
მეტროს პირველი მგზავრი კი მსახიობი ვასო გოძიაშვილი იყო..
(ფოტო: ვასო გოძიაშვილი თბილისის მეტროპოლიტენის გახსნაზე)
"გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა" - ამბობდა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ვასო გოძიაშვილი.
თბილისში მეტროს გამოჩენა მეოცე საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელსაც ხალხმა საოცრება უწოდა. მეტროს სანახავად ადამიანები საათობით იდგნენ რიგში.
დღემდე, თბილისის განუყოფელი ნაწილია მეტრო… 1990 იან წლებშიც კი, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, მეტრო ფაქტობრივად ერთადერთი მუნიციპალური ტრანსპორტი იყო რომელიც არ გაჩერებულა და მგზავრთა ნაკადი იყო ძალიან დიდი…
მეტროპოლიტენში დღემდე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც წლებია ამ საქმეს ემსახურებიან… ჩვენ ყოველდღიურად ვმგზავრობთ ამ ტრანსპორტით და შეიძლება მეტროპოლიტენის სულ რამდენიმე თანამშრომელი ვნახოთ, თუმცა რეალურად უსაფრთხო გადაადგილების უკან უამრავი ადამიანი დგას…
(ფოტო: თბილისის მეტროპოლიტენის გვირაბი)
უნდა აღვნიშნოთ ისიც,რომ როცა მეტრო ასრულებს მუშაობას, ღამის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, როცა ყველა მატარებელი გავა გვირაბიდან, 100 ობით თანამშრომელი მუშაობს მეტროს ყველა გვირაბში, მიმდინარეობს გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, თბილისის ქვევით როგორც იცით ბევრი მიწისქვეშა მდინარე გაედინება, შესაბამისად ეს ადამიანები, წყალამრიდებს აკეთებენ, მოწმდება კაბელები, ლიანდაგები, ხომ არ არის რამე დაზიანებული….
ვულოცავთ თბილისის მეტროს ყველა თანამშრომელს 60 წლის იუბილეს.