ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე- ITB CHINA 2026-ზე, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
საერთაშორისო გამოფენაზე ქართულ სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. საგამოფენო სივრცე ექსკლუზიური ბრენდინგით მოეწყობა. ჩატარდება გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები, გაიმართება თემატური პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გამოფენაში მონაწილეობას 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს.
გამოფენის გახსნის დღეს, ლენტის გაჭრის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ ე.წ. VIP ტური საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. ამბები ქართული კულტურის შესახებ ჩინური მედიითა და ციფრული პლატფორმებით გაშუქდება. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ რომ პარტნიორის სტატუსი საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობაა ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
გასულ წელს, ITB CHINA-ს 21 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას 85 ქვეყნიდან, 700 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიება 75 000 ბიზნეს წარმომადგენელს და 1400-მდე მედიას აერთიანებდა. ორგანიზატორები წელს მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ელიან. გამოფენა შანხაიში 26-28 მაისის ჩათვლით გაიმართება.