ტალინში, ლიანდაგის გვერდით, დანგრეულ ამ შენობას ოფიციალურად ქართველი მეპატრონეები ჰყავს - ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია. ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „ევროპული ორბიტის“ ესტონეთის ოფისია - იგივე მისამართზეა რეგისტრირებული „პუბლიკა“, „ტაბულა“, on.ge. ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის კონტენტ კრეატორად იძებნება კონსტანტინე ჩახუნაშვილიც. BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმის მთავარი რესპონდენტი. ფიქციურად ესტონეთში, ფაქტობრივად კი საქართველოში - რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად ორგანიზაციები იმავე პერსონალითა და იმავე ადმინისტრაციული რესურსით, თბილისში მუშაობენ.
ყალბი ესტონური მისამართის ფოტომასალა, დოკუმენტებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ გუშინ გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ ორგანიზაციის ზოგიერთი ხელმძღვანელი, მაგალითად ნინო ლომჯარია და მიხეილ ბენიძე არა ქართული, არამედ ესტონური პირადი ნომრებით არიან დარეგისტრირებული. შალვა პაპუაშვილი ამას ევროკომისარ, მარტა კოსის დაანონსებულ, საერთაშორისო თაღლითურ სქემას უწოდებს, რომლითაც უცხოელი აქტორები საქართველოში ენჯეოების დაფინანსებას კანონის გვერდის ავლით განაგრძობენ. სპიკერი ამბობს, რომ ეს უკანონო დაფინანსების ერთადერთი გზა არ არის, რაზეც განმარტებებს ევროკავშირისა და კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგან ელოდება.
პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ქართველ ენჯეოებს ესტონეთი შემთხვევით არ აურჩევიათ. ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ტალინში ჯერ კიდევ კაია კალასის პრემიერ-მინისტრობის დროს დარეგისტრირდა. რა განმარტებები აქვთ თავად ენჯეოებს - ადრესატები დუმან - ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. გავრცელებული ინფორმაცია კი საჯარო განცხადებითაც არ უარყვიათ.
ამას ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომლის ლიდერიც საჯაროდ, საპირისპიროს ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილი ღიად წერს, რომ სხვა ქვეყნებში ანგარიშების გახსნა ფულის მიღების უკვე აპრობირებული მეთოდია. ამ აღიარების მიუხედავად, დღეს ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების იცავდა. რა დროსაც, ნაწილმა აღიარა, რომ სწორედ კანონის გვერდის ავლის მსგავსმა შემთხვევებმა განაპირობა გრანტების კანონის გამკაცრების ინიციატივაც.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უცხოური ფსევდო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესში ჩნდება დამატებითი კითხვები ე.წ. შავი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებითაც. მათი თქმით, ფაქტებით დადასტურებული მოცემულობა მიუთითებს, რამდენად პოლიტიზებულია ენჯეო სექტორი, რომელიც ყალბი ნარატივებით წლებია ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ესტონეთში ფიქტიურად რეგისტრირებული ათზე მეტი ორგანიზაციაა, რომლებიც პარალელურად საქართველოში მოქმედ ენჯეოებს წარმოადგენენ. მათ შორის არიან მედიაორგანიზაციებიც.
ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც მარტამდე დამოუკიდებლად ფუნქციონირებას განაგრძობს, განაგრძობს ამ და სხვა ორგანიზაციების მონიტორინგსაც.