10 აგვისტო 2026,   07:51
ვრცლად
"მოლდოვას ძლივს დაადგა საშველი, რომ დსთ-დან გასვლის თაობაზე რაღაც პირველი განაცხადი გაეკეთებინა და დღეს იმ ქვეყნის ხელმძღვანელი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების თაობაზე რომ მესაუბრება, ეს არის მატყუარა ადამიანის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია" - შარმანაშვილი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მაია სანდუს განცხადება, რომელმაც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, კრემლის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.

მმართველი გუნდისთვის ცინიზმია იმ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანების იდეას მხარს უჭერს და რომელმაც დსთ-დან გასვლის პროცესი წლების შემდეგ, მხოლოდ ახლახან დააინიცირა.

უმრავლესობა მაია სანდუს საკუთარ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას - ეკონომიკურ კრიზისს, კორუფციასა და სიღარიბის მაჩვენებელს ახსენებს. ასევე, როგორ გახდა სანდუ ქვეყნის გარეთ მიღებული ხმებით პრეზიდენტი, გააუქმა ოპოზიციური პარტიები და მედია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესოა მოცემულ პირობებში.

"ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რით გამოიხატება ამ ორბიტაზე დაბრუნება? ერთადერთი ისინი რაშიც ბრალს გვდებენ, არის ის, რომ რატომ არ ვართ ავანტიურისტები.

მაია სანდუს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ასე საფრთხედ თუ არ მიაჩნია, შეუძლია, თავად განახორციელოს თავის ქვეყანაში, თავისი არმიის მეშვეობით და ვნახავთ, რა შედეგები ექნება.

მაშინ, როდესაც მოლდოვას ძლივს დაადგა საშველი, რომ დსთ-დან გასვლის თაობაზე რაღაც პირველი განაცხადი გაეკეთებინა და დღეს იმ ქვეყნის ხელმძღვანელი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების თაობაზე მესაუბრება, ეს არის მატყუარა ადამიანის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია", - განაცხადა შარმანაშვილმა.

დღის ამბები