სურსათზე ფასები უნდა შემცირდეს - ამ მიზნის მიღწევას "ქართული ოცნების" ხელისუფლება სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობით გეგმავს. არსებული გამოწვევების დაძლევა რთულია, თუმცა შესრულებადი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერის ინიციატივა სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე დროული და მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები მსხვილი მარკეტების ქსელებთან, დისტრიბუტორებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყება შესაძლო კარტელურ გარიგებებს იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში ზომებს მიიღებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პროდუქტზე ფასნამატი ორჯერ, სამჯერ მეტია და საშუალოდ 86 პროცენტს აღწევს. აქედან, დაახლოებით 44 პროცენტი დისტრიბუციის წილია. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფასების დარეგულირება შესაძლებელია, თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები საერთაშორისო რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა.
სამომხმარებლო ფასებს შეისწავლის საპარლამენტო კომისიაც, რომელიც სამთავრობო კომისიის პარალელურად დაადგენს, რატომ არის საქართველოს ქსელური მარკეტების დახლებზე პროდუქტი იმაზე გაცილებით ძვირი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კომისიაში მმართველ გუნდთან ერთად მონაწილეობას პარტია "საქართველოსთვის" წევრებიც მიიღებენ, რომლებიც სხვა ოპოზიციონერი კოლეგების მსგავსად მაღალ ფასებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
მმართველ გუნდში გადაწყვეტილება მიღებულია. საკანონმდებლო ორგანოში კომისია საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შეიქმნება. წინასწარი მოლოდინია, რომ კომისია მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს. საპარლამენტო უმრავლესობაში საჭიროების შემთხვევაში ფასების დარეგულირების მიზნით ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას არ გამორიცხავენ.
თავდაპირველად სამთავრობო საკოორდინაციო კომისიას მხოლოდ სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით არეალი ფართოვდება და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები პროდუქტებთან ერთად მედიკამენტებისა და საწვავის ფასებითაც დაინტერესდებიან. მიმდინარე კვირაში მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები ფარმაცევტულ კომპანიებთან და საწვავის ქსელის წარმომადგენლებთან გაიმართება.