06 აგვისტო 2026,   05:25
ვრცლად
პრემიერი: არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას

ფასების რეგულირება პროდუქტებზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში მწარმოებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. სამთავრობო საკოორდინაციო კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით უკვე მეოთხე სხდომას მართავს, მანამდე შეხვედრები გაიმართა ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

საკოორდინაციო კომისიას, თავდაპირველად, სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა გადაწყდა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს. მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის სოციალური წნეხის შემსუბუქებაა. სახელდება ვადებიც, დაახლოებით სამ თვეში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უნდა შემცირდეს.

"პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება - ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ შესაძლო კარტელურ გარიგებებს - ამაზე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. ჩვენ არ გვინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს.

ჩვენ უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. ჩვენ მთავარია მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები