კატალონიის პროვინცია - სანტ-სადურნი-დ’ანოიას და ჟელიდას სადგურებს შორის მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ლიანდაგზე ჩამოშლილ შემაკავებელ კედელს შეეჯახა.
ავარიის შესახებ პირველი შეტყობინება სასწრაფო დახმარების სამსახურმა ღამის 21:02 საათზე მიიღო. ადგილზე რამდენიმე წუთში ექიმების, მაშველებისა და სამართალდამცველების ათობით ბრიგადა მობილიზდა.
სარკინიგზო კატასტროფას 28 წლის მემანქანე-სტაჟიორი ემსხვერპლა, რომელიც შეჯახების დროს ვაგონის კაბინაში იმყოფებოდა. ექიმები ამ დრომდე კიდევ ხუთი პირის გადარჩენას საავადმყოფოში ცდილობენ, მძიმე დაზიანებები მიიღო 40-მდე ადამიანმა.
მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად, დაიწყო გამოძიება. პირველადი ვერსიით, მატარებელი საყრდენ კედელს შეეჯახა, რომელიც რომელიც ლიანდაგზე ძლიერი წვიმის და მეწყრის შედეგად ჩამოინგრა.
ესპანეთში მომხდარი კიდევ ერთი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ, კორდობის პროვინციაში, უკვე მეორე დღეა, მაშველები ორი შეჯახებული მატარებლის ქვეშ მოყოლილებს ეძებენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 41 ადამიანი, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა. მათგან, რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ესპანეთში, ორი სარკინიგზო ავარიის შემდეგ, რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. პროფკავშირები თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე